მოძალადე პატიმრების სატელეფონო ზარები უნდა გაკონტროლდეს – კახა კახიშვილი

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილის ინიციატივით, მოძალადე პატიმრების მიერ საპატიმროდან განხორციელებული ზარები შესაძლოა გაკონტროლდეს.
მინისტრი გეგმავს, აღნიშნული ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოს შესთავაზოს, რომელიც ოჯახური ძალადობისთვის მსჯავრდებულების მიერ ციხიდან, ოჯახის წევრებთან განხორციელებული სატელეფონო ზარების მონიტორინგს ითვალისწინებს.

როგორც კახა კახიშვილი აცხადებს, ხშირია შემთხვევები, როდესაც მის უწყებას განცხადებით მიმართავენ ქალბატონები, ყოფილი და მოქმედი მეუღლეების თაობაზე, რამენაირად გაკონტროლდეს ამ ადამიანების მხრიდან არასასურველი სატელეფონო ზარები. ამ მიმართულებით სამართლებრივი მექანიზმების ამუშავებით,  შესაძლებელი გახდება არასასურველი სატელეფონო ზარების შეზღუდვა.

“ამის დარეგულირების სამართლებრივი ბერკეტი ამ ეტაპზე არ არსებობს. არა მხოლოდ შემაკავებელი ორდერებია დასახვეწი, არამედ სატალეფონო ზარებიც.  ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს დაცული, განსაკუთრებით ქალბატონები”, – აცხადებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი.

მისი შეფასებით, ამ მხრივ ქვეყანაში მძიმე ვითარებაა და საჭიროა ყველა უწყებამ კოორდინირებულად იმუშაოს რისკების შეფასებასა და პრევენციაზე. დაიხვეწოს მექანიზმები, რაც ყოველმხრივ დაეხმარება და ხელს შეუწყობს ოჯახური ძალადობის პრევენციას.

მსგავსი თემები