სუსი უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლების შესახებ განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებული ცხინვალიდან უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„საოკუპაციო ძალების მიერ, მიმდინარე წლის სამ ივლისს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილი თავისუფალია და ამჟამად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ხვიჩა მღებრიშვილის უკანონო დაკავების პირველივე დღიდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ყველა შესაბამის უწყებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული მიმდინარე პროცესებში.

ასევე, ყოველდღიურ რეჟიმში წარმოებდა აქტიური კომუნიკაცია უკანონო პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის და სხვა რელევანტურ საკითხებთან დაკავშირებით.

აღნიშნული საკითხი, აქტიური განხილვის საგანს წარმოადგენდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატში გამართულ შეხვედრებზე.

ასევე, აღსანიშნავია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების როლი და ჩართულობა როგორც ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლების საკითხში, ისე ზოგადად, აღნიშნული მიმართულებით კონსტრუქციული დიალოგისა და სტაბილურობის მხარდაჭერაში“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი დღეს გათავისუფლდა. 47 წლის ხვიჩა მღებრიშვილი რუსმა სამხედროებმა სამ ივლისს დააკავეს.

მსგავსი თემები