ოკუპანტების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი უკანონო პატიმრობიდან ხვალ გათავისუფლდება

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან ხვალ გაათავისუფლებენ.

„გვაქვს პოზიტიური სიგნალი და ეს არის ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მრავალთვიანი აქტიური მუშაობის შედეგი. მივიღეთ პირობა, რომ ხვიჩა მღებრიშვილი ხვალ გათავისუფლდება. რაც შეეხება ზაზა გახელაძეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და შესაბამისი იმ დაზიანებისა, რაც ჰქონდა მიღებული. საუბარი ასევე შეეხო სამხედრო ვერტმფრენის გადაფრენას. მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა 11 სექტემბერსაც. ამოქმედდა ცხელი ხაზი და ერგნეთში მყოფმა ევროკავშირის დამკირვებლებმა საკუთარი თვალით ნახეს ეს ვერტმფრენი. ეს არის მორიგი დესტრუქციული ქმედება, რომელიც აზიანებს უსაფრთხოების გარემოს. ასევე განვიხილეთ გახშირებული უკანონო ბორდერიზაციის ფაქტები და უსაფუძვლო ბრალდებებით დაკავებული აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის საკითხი, რომლის მიმართ ზეწოლაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საქმის კურსში არიან“, – განაცხადა ანთაძემ.

მისივე თქმით, მომდევნო შეხვედრა ნოემბრის მეორე დეკადაში ჩატარდება, ზუსტ თარიღზე მხარეები ცხელი ხაზის მეშვეობით შეთანხმდებიან.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, 3 ივლისს დააკავეს.

მსგავსი თემები