“რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება შესაძლებელია მას შემდეგ, რაც ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდება” – არჩილ თალაკვაძე

“ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება შესაძლებელია მას შემდეგ, რაც ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდება და რუსეთის ჯარისკაცები, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან საქართველოს ორ რეგიონში, დატოვებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენაზე საუბრისას.

„რაც შეეხება დღეს არსებულ ფორმატებს, ეს არის ჟენევის ფორმატი, საერთაშორისო ფორმატები, სადაც ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობა და ჯერჯერობით როგორც ვხედავთ, არც ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პუნქტებთან, არც სხვა პირობებთან დაკავშირებით რუსეთის მხრიდან არც ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. შესაბამისად, მხოლოდ ასეთი განცხადებები, ვერ ცვლის იმ მძიმე ფონს, რაც სამწუხაროდ, ორივე ოკუპირებულ რეგიონში გვაქვს – ეს არის ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები და ის ინციდენტები და პროვოკაციები, რასაც რეგულარულად აქვს ადგილი. რაც შეეხება რუსეთის შესაძლო ინტერესებს საქართველოში, ახალი არ არის, რომ რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევს ჩვენი ქვეყანა, მით უფრო მეტად ცდილობს რუსეთი ხელი შეუშალოს ამ წარმატებებს. ამას აკეთებს დეზინფორმაციით, ამას აკეთებს მასთან დაკავშირებული ჯგუფების გააქტიურებით, მათ შორის პოლიტიკაში, მაგრამ, ხელისუფლება და ჩვენი ძალა, რომელსაც აქვს მკაფიოდ განსაზღვრული პროდასავლური პოლიტიკა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს, ადამიანებს ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაცია და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები. ჩვენი საზოგადოების გადაწყვეტილებაზე დეზინფორმაციამ ვერ უნდა მოახდინოს გავლენა. ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერაც იზრდება და საქართველო, მშვიდობიანი, სტაბილური პოლიტიკით მიაღწევს თავის მიზანს, რომ ქვეყნის სუვერენულ საზღვრებში ჩვენი ტერიტორიები გააერთიანოს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რუსეთთან ურთიერთობებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატში შეხვედრა სექტემბერში არ გაიმართება.

მსგავსი თემები