“„ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს სამართლიან ბრძოლაში და ეს გამარჯვება არ იქნება ერთი პარტიის გამარჯვება, ეს იქნება ქვეყნის გამარჯვება” – გიორგი გახარია

დიდი პატივია, აქ, ანტიკურ ნაქალაქარში თქვენთან ერთად საუბარი მომავალზე, თან მეოცე საუკუნის გენიოსი ქართველის, გალაკტიონის სახლ-მუზეუმში. ეს ისეთი სინერგიაა, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ემოციებს იწვევს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანის და ხონის  „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე, ვანში განაცხადა.

პრემიერ – მინისტრმა აღნიშნა, რომ ბევრი საჭირო საქმეა დაწყებული ბოლო წლების განმავლობაში, რომელიც უნდა დასრულდეს და ერთობლივი შრომით ხვალინდელი დღე უნდა იყოს უკეთესი.

„მიუხედავად ჩვენი წარმატებებისა, ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანა, სამწუხაროდ, ისეთ მდგომარეობაშია, რომ ბევრი მაგარი დაწყებული საჭირო საქმე გვაქვს ერთად დასასრულებელი. მარტივ, ელემენტარულ საკითხებზე ვსაუბრობთ – გზა, წყალი, გაზი, სკოლა, ბაღი და ა.შ. ამ მიმართულებითაც ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენ 2012 წელს ქვეყანა ისეთ დღეში დაგვხვდა, რომ ადამიანის ჯანდაცვა საერთოდ  უგულებელყოფილი იყო, ბავშვების საუკეთესო ინტერესები იყო უგულებელყოფილი, საერთოდ, გზებზე, წყალმომარაგებაზე, როგორ შეიძლება ოცდამეერთე საუკუნეში ვანში ნორმალური, 24-საათიანი წყალმომარაგება არ არსებობდეს. ამას ყველაფერს თავი უნდა დავანებოთ, არავის არაფერში უნდა შევეჯიბროთ, თავი უნდა დავხაროთ და 24-საათიანი შრომით, ყოველდღიურად, ჩვენი დღევანდელობა უნდა გავხადოთ უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ და უნდა გვქონდეს ხვალინდელი დღის იმედი. ერთად შრომით უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი. მარტივ, ელემენტარულ საკითხებზე უნდა ვიმსჯელოთ. მაგალითად იმაზე, რომ ქვეყანაში შიდა სოფლის გზები უნდა იყოს იდეალურ მდგომარეობაში. ვანში სერიოზული პრობლემაა, როგორც წყალმომარაგება, ისე სანიაღვრე არხები, ასევე მდინარეების კალაპოტების გაწმენდა და კიდევ ბევრი რამ,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის გახსნა იქნება სერიოზული ნაბიჯი, რომ ვანმა მნიშვნელოვანი ტურისტული აზრი შეიძინოს არა მხოლოდ ქვეყანის, არამედ საერთაშორისო დონეზე.

„ყველაფერთან ერთად რა თქმა უნდა, ჩვენი წარსულიც უნდა გვახსოვდეს და ვანის არქეოლოგიური მუზეუმის გახსნა იქნება სერიოზული ნაბიჯი წინ, იმისთვის, რომ ვანმა მნიშვნელოვანი ტურისტული აზრი შეიძინოს არა მხოლოდ ქვეყანის, არამედ საერთაშორისო დონეზე. აქ ტურისტების დიდი რაოდენობა იქნება, იმდენად მნიშვნელოვანი ექსპონატები იქნება ამ არქეოლოგიურ მუზეუმში. ვანი ვერ გახდება მხოლოდ და მხოლოდ ტურისტული ცენტრი. ვანში ყოველთვის იყო და ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ექნება სოფლის მეურნეობას,“- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, შეუძლებელია,  სახელმწიფოს არ ჰქონდეს ის პასუხისმგებლობა, რომ დაეხმაროს გლეხს, გახდეს ძლიერი ფერმერი. პრემიერმა აღნიშნა, რომ პროგრამამ – „სახელმწიფო შენი პარტნიორი“, გააერთიანა ყველა ის პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო თითოეულ ადამიანს ეხმარება.

„შეუძლებელია, სახელმწიფოს არ ჰქონდეს ის პასუხისმგებლობა, რომ დაეხმაროს გლეხს, გახდეს ძლიერი ფერმერი. ადამიანს, ვანში, რომელსაც აქვს სურვილი, თავის თავზე რისკი აიღოს, შიში გადალახოს, გადადგას პირველი ნაბიჯი და თავისი საქმე დაიწყოს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება სოფლის მეურნეობაში, ტურიზმში თუ სხვა დარგებში, სახელმწიფო რა თქმა უნდა გვერდით უნდა დაუდგეს. ჩვენ ამისთვის გავაკეთეთ პროგრამა  – „სახელმწიფო შენი პარტნიორია“, რომელმაც გააერთიანა ყველა ის პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო თითოეულ ადამიანს ეხმარება. წელს, ვანში გაკეთდა საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ გახსნა. იმისთვის, რომ პროგრამაში – „აწარმოე საქართველოში“ მიგეღოთ მონაწილეობა, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროგრამებში მიგეღოთ მონაწილეობა, ეს იქნება „დანერგე მომავალი“ თუ სხვა რამ, უნდა ჩასულიყავით თბილისში და იქ მიგეღოთ ინფორმაცია. ეს ყველაფერი, დღეს, აქ გაქვთ, ვანში, საზოგადოებრივ ცენტრში. ერთი ნაბიჯი გაქვთ გადასადგმელი, რომ მიხვიდეთ. იქ სრული ინფორმაციაა იმ დონემდე, რომ კონტრაქტის გაფორმებაა შესაძლებელი, ვინც ამ პროგრამაში მონაწილეობის მსურველი იქნება. ეს ყველაფერი კეთდება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას თანაბარი პირობები ყველასთვის და ნიჭიერმა ადამიანს, რომელსაც შეუძლია პირველი ნაბიჯი გადადგას, სახელმწიფო დაუდგეს გვერდით და საქართველო გახდეს შესაძლებლობების ქვეყანა. თანაბარი შესაძლებლობის ქვეყანა ყველასთვის, ვისაც შეუძლია, ღირსეული შრომით, ღირსეულად არჩინოს თავისი ოჯახი და შემდეგ, გაძლიერდეს ისე, რომ დაასაქმოს მეზობელი, ნათესავი და ა.შ. ეს არის ძირითადი მიზანი. ეს იყო ყოველთვის „ქართული ოცნების“ მიზანი. „ქართული ოცნების“ ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე იყო ადამიანი, მისი ღირსება, სამართლიანობა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შეუძლებელია სახელმწიფო არ ზრუნავდეს და არ ფიქრობდეს ბავშვებზე და მათი საუკეთესო ინტერესები არ იყოს სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისევე, როგორც შეუძლებელია, სახელმწიფო არ ფიქრობდეს ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე და სამარცხვინო იყო, როდესაც პენსიის ზრდა არჩევნების წინ, ყოველთვის იყო პოლიტიკური სპეკულაციის საგანი. დღეს, ჩვენ შევძელით ის, რომ საკანონმდებლო დონეზე ეს არის შეტანილი კანონში, რომელიც გარანტიას აძლევს თითოეულ პენსიონერს, ყოველწლიურად, ეკონომიკის ზრდის პარალელურად, მისი შემოსავალი გაიზარდოს,“- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ შეუძლებელია, ისეთი სისტემური პროფესიების წარმომადგენლები, როგორებიც არიან – მასწავლებლები, ექიმები და პოლიციელები, იყვნენ სახელმწიფოს ყურადღების გარეშე.

მისივე თქმით, ხელისუფლების ძირითადი მიზანი იქნება, თანაბარი პირობები შექმნას ყველასთვის და არ ჰქონდეს მნიშვნელობა, ახალგაზრდა ვანში ცხოვრობს, თბილისში, ბათუმში, სამტრედიაში თუ ქუთაისში.

„შეუძლებელია, ისეთი სისტემური პროფესიების წარმომადგენლები, როგორებიცაა მასწავლებელი, ექიმი, პოლიციელი, იყვნენ სახელმწიფოს ყურადღების გარეშე. ეს ის ხალხია, რომელიც სახელმწიფოს სახელით ემსახურება ჩვენს თითოეულ მოქალაქეს და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ჩვენ უდიდესი ყურადღება გვექნება და მიუხედავად ყველაფრისა, რაც არ უნდა თქვან და ვისაც რა არ უნდა მოსწონდეს, ჩვენ ამ ხალხის მიმართულებით ყურადღებას გავაგრძელებთ. ძირითადი მიზანი იქნება, თანაბარი პირობები შევქმნათ ყველასთვის, არ ჰქონდეს მნიშვნელობა, ახალგაზრდა ვანში ცხოვრობს, თბილისში, ბათუმში, სამტრედიაში თუ ქუთაისში. ყველას უნდა შეეძლოს, მიიღოს ერთნაირი განათლება, ჰქონდეს ერთნაირი შესაძლებლობები, ერთნაირი სამედიცინო და სოციალური დახმარება. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. დარწმუნებული ვარ, ამ მიზნის განსახორციელებლად ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. რაც მთავარია, ეს გამარჯვება იქნება სამართლიან ბრძოლაში და ეს არ იქნება ერთი პარტიის გამარჯვება, ეს იქნება ქვეყნის გამარჯვება. გამარჯვებას გისურვებთ, ვანელებო,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები