რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

  •  

“16 სექტემბერს მომხდარი ფაქტი სრულიად ეწინააღმდეგება რაგბის ფასეულობებს” – ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირმა გაავრცელა განცხადება და ამასთან ისაუბრა საქართველოს ჩემპიონატის დაწყებასა და ნაკრების 8 ერში ჩართვის შესახებ.

განცხადებას “მედიაცენტრი მთავარი” სრულად გთავაზობთ:

„საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა, ისევე როგორც მთელი ქართული საზოგადოება, შეძრა რაგბის კავშირის ოფისთან 16 სექტემბერს მომხდარმა ფაქტმა. ჩვენ, გამგეობის წევრები, ვგმობთ ამ საქციელს და მიგვაჩნია, რომ ეს დაუშვებელია არა მარტო ზოგადად, არამედ ქართულ სპორტში, მითუმეტეს – რაგბის დიდ ოჯახში, რადგანაც იგი სრულიად ეწინააღმდეგება რაგბის ფასეულობებს, ღირებულებებსა და ურთიერთობის დამკვიდრებულ წესებს.

გულწრფელად ვუსურვებთ რამაზ ხარაზიშვილს, რომელიც შემთხვევითობის მსხვერპლი გახდა, სწრაფ გამოჯანმრთელებასა და სათამაშო მოედანზე დაბრუნებას. იმედი გვაქვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები სწრაფად და დროულად დაადგენენ სიმართლეს.

ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ეს ინციდენტი მოხდა იმ დროს, როდესაც რაგბის კავშირში განიხილებოდა სრკ-ის ფინანსური მდგომარეობა და თითქოს მომხდარი დაკავშირებულია რაგბის კავშირის გამგეობასთან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს განცხადებები არ შეესაბამება სიმართლეს. სინამდვილეში, ამ დროს რაგბის კავშირში მიმდინარეობდა მსჯელობა საქართველოს ჩემპიონატის დაწყების შესახებ, რომელიც განახლდება ამა წლის 9 ოქტომბერს.

გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას დიდი მხარდაჭერისთვის, რომელიც მან აღმოუჩინა ქართულ რაგბს იმ უმძიმეს ვითარებაში, რომელიც გამოიწვია COVID-19-მა. კერძოდ, საქართველოს მთავრობის მიერ ამ ურთულეს პირობებში მოძიებული იყო თანხა სარაგბო კლუბებისთვის შიდა ჩემპიონატების დასაწყებად. საქართველოს მთავრობისა და რაგბის კავშირის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს ნაკრები მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში – „შემოდგომის ერთა თასში“. ესაა ქართული რაგბის დიდი აღიარება და მრავალი თაობის თავდაუზოგავი შრომის შედეგი. ვსარგებლობთ შემთხვევით და მადლობას ვუხდით „ექვსი ერის“ მესვეურებს ამ გადაწყვეტილებისთვის და „მსოფლიო რაგბის“ დიდი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ.

სამწუხაროდ, ამ წარმატებების და წინსვლის ფონზე, ვრცელდება გარკვეული დესტრუქციული განცხადებები, რომელიც საერთო საქმეს ნამდვილად არ წაადგება. მთავრობასთან შეთანხმებით პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ბატონი თორნიკე გოგებაშვილის დანიშნვის შემდეგ, დაიწყო ამ შეცდომების გამოსწორების პროცესი და სახეზე გვაქვს პირველი დადებითი შედეგები. ახლა არა კონფრონტაციის, არამედ მშვიდ ვითარებაში თავდაუზოგავი შრომის დროა. ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ თორნიკე გოგებაშვილს და ვფიქრობთ, რომ მას, გამგეობის წევრებს და კავშირის თანამშრომლებს უნდა მიეცეთ ნორმალური მუშაობის საშუალება. მითუმეტეს, რომ უამრავი რამ არის გასაკეთებელი, დასაწყები გვაქვს ყველა დონის ეროვნული ჩემპიონატი და ყველა ერთად უნდა მოვემზადოთ ეროვნული ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო თამაშებისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ – დღეს არის არა დაძაბულობის, არამედ მუშაობისა და ერთიანობის დრო ქართული რაგბის პროგრესის უზრუნველსაყოფად, რისკენაც მოვუწოდებთ ყველას.

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რომ რაგბის კავშირში იყოს მშვიდი და სამუშაო ატმოსფერო და მიიღებს ყველა საჭირო ზომას დასახული მიზნების მისაღწევად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოვლენები კვლავ დესტრუქციული გზით განვითარდება, იტოვებს უფლებას ყველაფერს სათანადო პასუხი გასცეს.

მიღებულია ერთხმად საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის წევრების მიერ.“

მსგავსი თემები

2 Thoughts to “რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს”

  1. Hmm is anyone else having problems with the pictures on this blog loading? I’m trying to figure out if its a problem on my end or if it’s the blog. Any suggestions would be greatly appreciated.

  2. I love it when people come together and share opinions, great blog, keep it up.