“ჩვენ ვართ სტრატეგიულ მზადყოფნაში ნატო-ში გასაწევრიანებლად” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო აკმაყოფილებს ყველა ძირითად მოთხოვნას და არის სტრატეგიულ მზადყოფნაში, რომ ნატო-ში გაწევრიანდეს. ამის შესახებ თალაკვაძემ მრავალეროვნული სწავლების – „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის დახურვის ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ეს პროგრამა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.

„დიდი პატივია გერქვათ ღირსეული პარტნიორი და მხარდამხარ იდგეთ თავისუფალი, განვითარებული ერების ჯარისკაცებთან. თქვენ ქმნით საამაყო მხედრული ისტორიის თანამედროვე მაგალითს. მრავალეროვნული წრთვნებით და მუდმივი მზადყოფნით, ჩვენ ვიცავთ მშვიდობას, ვაუმჯობესებთ ურთიერთთავსებადობას და ვინარჩუნებთ რეგიონში უსაფრთხო გარემოს. „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილეებს საერთო ინტერესები და ფასეულობები გვაერთიანებს. ეს პროგრამა არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერა – მშვიდობიანი, ძლიერი და თავისუფალი საქართველოს მიმართ. ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის ყოველი ასეთი წვრთნა სრულყოფის და წინსვლის შესაძლებლობაა. ჩვენი ოცნება, რომ დავასრულოთ ჩვენს ქვეყანაში რუსული ოკუპაცია, სამშობლოს უანგარო სიყვარულით, ეფექტიანი და საშინაო და საგარეო პოლიტიკით, თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებით, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით და დემოკრატიის განმტკიცებით შესრულდება. ამავე დროს, „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილეებს გვაქვს სამშობლოსა და საერთო ღირებულებების დაცვის ზიარი ვალდებულება. ყველას გვეამაყება, ჩენი ჯარისკაცების თავდადებული სამსახური საერთაშორისო მისიებში, სადაც ჩვენი ერების ღირსეული შვილები, მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში იცავენ გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. საქართველოს თავდაცვის ძალები ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საიმედო დასაყრდენია. საქართველო აკმაყოფილებს ყველა ძირითად მოთხოვნას და ჩვენ ვართ სტრატეგიულ მზადყოფნაში, ნატო-ში გასაწევრიანებლად. 2020 წლის სამართლიან და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნებზე კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, რომ საქართველო ერთგულია დემოკრატიული ფასეულობების და რომ ქვეყანა სამართლიანად იმსახურებს ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის ღირსეულ და სრულფასოვან წევრობას. ასევე, ჩვენ გვაქვს დიდი სამუშაო შესასრულებელი, რომ აღვადგინოთ გლობალური პანდემიით დაზარალებული ეკონომიკა – შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და გავაუმჯობესოთ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა. ამისთვის კი მზად ვართ. უსაფრთოების დაცვით, დემოკრატიის გაძლიერებით და ეკონომიკის განვითარებით ჩვენ ვქმნით ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილების უკეთეს მომავალს. ეს მარტივი მისია არ არის, მაგრამ ეს შესაძლებელია. ჩვენ ერთად შევძლებთ ამის გაკეთებას. მადლობას ვუხდი ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეგობარ სახელმწიფოებს საქართველოს თავდაცვისუნარიოანობის ამაღლების საქმეში ძლიერი მხარდაჭერისთვის. საქართველოს პარლამენტის სახელით გილოცავთ მრავალეროვნული სწავლების წარმატებით დასრულებას“,- განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ ვაზიანში 7 სექტემბერს გაიხსნა. წელს აღნიშნულ წვრთნაში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი თემები