„ძირითადი ამოცანა არის ვირუსთან ადაპტაცია და თანაცხოვრების სწავლა, მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს“ – გიორგი გახარია

„ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩვენ ინფიცირების ზრდის აშკარა ტენდენცია გვაქვს, თუმცა მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს და მართვადია, რაც მთავარია“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე მკაცრი ღონისძიებები და შეზღუდვები, მათ შორის, საგანგებო მდგომარეობა იყო სწორედ იმისთვის, რომ გადარჩენილიყო მოქალაქეების სიცოცხლე და ნაკლები ზიანი დამდგარიყო ეკონომიკისთვის, ვინაიდან, ცოდნა ვირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში საერთოდ არ არსებობდა და დროის მოგება იყო მნიშვნელოვანი.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების, მათ შორის ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, ინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდებოდა, როგორც სხვაგან ყველგან, მთელ მსოფლიოში. ამიტომ ვამბობდით, ძირითადი ამოცანა არის ვირუსთან ადაპტაცია და თანაცხოვრების სწავლა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დღეს ამ ეტაპზე ვიმყოფებით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პირველ ეტაპზე მკაცრი ღონისძიებები, „ლოქდაუნები“, შეზღუდვები, მათ შორის, საგანგებო მდგომარეობა იყო სწორედ იმიტომ გადაწყვეტილი და მიღებული, რომ გადაგვერჩინა ათეულობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე და ნაკლები სოციალურ-ეკონომიკური ზიანი მიგვეყენებინა ეკონომიკისთვის, უბრალოდ იმისთვის, რომ ცოდნა მაშინ მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებით საერთოდ არ არსებობდა და ჩვენ ვირუსის დროში გავრცელების დრო უნდა მოგვეგო,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველომ ეს დრო მოიგო და ვინაიდან, ახლა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებით ბევრად უფრო დიდი ცოდნა და გამოცდილება დაგროვდა, ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვეულებრივად გაგრძელდეს ცხოვრება – გარკვეული წესების დაცვით.

მსგავსი თემები