„სიმსუქნე ურთულესი დაავადებაა, რომელიც ბავშვის ყველა ორგანოს აზიანებს“ – ენდოკრინოლოგი სახლში გამოკეტილი ბავშვების პრობლემებზე

სიმსუქნე, ეკრანს მიჯაჭვულობა, მხედველობის პრობლემა, ქცევის დარღვევა, სიმსივნის რისკი – ეს ის ძირითადი პრობლემებია, რომელიც პანდემიის გამო სახლში გამოკეტილ ბავშვების მთავარ პრობლემად იქცა. აღნიშნულ საკითხებზე  ბავშვთა ენდოკრინოლოგმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს  ენდოკრინოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ხელაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

როგორც ენდოკრინოლოგმა აღნიშნა, პანდემიის გამო, საკმაოდ მოიმატა იმ პაციენტების რაოდენობამ, რომლებსაც წონის პრობლემები შეექმნათ.

„განსაკუთრებით გამოვყოფდი ბავშვებში სიმსუქნის და ჭარბი წონის მატებას. არიან ბავშვები, ვისაც პანდემიამდე ჰქონდათ ნორმალური წონა და იმის გამო, რომ სპორტს, ფიზიკურ აქტივობას, რასაც ჩვეულნი იყვნენ თავი დაანებეს, გაუჩნდათ წონის პრობლემა. განსაკუთრებით უნდა გამოვყო და დამღუპველი ეფექტი იქონია ისეთ პაციენტზე, ვისაც პანდემიამდეც ჰქონდათ საგანგაშოდ მაღალი წონა. მათ წონაში კიდევ უფრო მოიმატეს, კიდევ უფრო მეტად იყვნენ უმოძრაოდ და ეკრანს მიჯაჭვულნი. სიმსუქნე არის ურთულესი დაავადება, რომელიც ყველა ორგანოს აზიანებს“ – განაცხადა ბავშვთა ენდოკრინოლოგმა „მედიაცენტრ მთავარში“.

ნინო ხელაძის თქმით,  დაავადებების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, რომელიც სიმსუქნიდან მომდინარეობს.

„ცალკე პრობლემა ბავშვები განსაკუთრებული საჭიროებებით, ნევროლოგიური დაავადებებით, რომლებსაც გადაადგილება ისედაც შეზღუდული აქვთ. ამ მხრივ  ძალიან სავალალო შედეგები მივიღეთ.  ეს შედეგები უკვე მთელმა მსოფლიომ დაითვალა. მოიმატა არა მხოლოდ სიმსუქნის პრობლემამ, არამედ, მხედველობის პრობლემ, ეკრანთან მიჯაჭვულობის გამო; ქცევის დარღვევებმა, ძილის დარღვევამ. აღმოჩნდა, რომ ბავშვებში სიმსუქნე ძალიან დიდი რისკ-ფაქტორია გართულებების თვალსაზრისით. კანადაში ჩატარებული კვლევის შედეგად, 3 ძირითადი რისკ-ფაქტორი გამოიკვეთა ბავშვებში – ეს არის სიმსივნე, იმუნოსუპრესია და სიმსუქნე“ – განაცხადა ბავშვთა ენდოკრინოლოგმა „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.”

მსგავსი თემები