“საქართველო „მწვანე ზონად“ ითვლება” – ამირან გამყრელიძე

“საქართველო „მწვანე ზონად“ ითვლება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმაძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, რეგიონების მიხედვით აჭარა კვლავ ცხელ წერტილად რჩება.

„ახალ შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში ბოლო 14 დღის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე გვაქვს 2,63. მწვანე ზონაშია მთლიანად ქვეყანა, მწვანე ზონის ზღურბლი ჩვენთვის გახლავთ 5 და შემდეგ მოდის ყვითელი, უფრო საფრთხილო ზონა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ეპიდვითარებიდან გამომდინარე, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს და ყველა არსებული რეკოენდაცია ძალაში რჩება.

„დღეს ოდნავ დაიწია ქვემოთ მრუდმა, მაგრამ ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. ჩვენ უნდა დავმშვიდდეთ თუ ამ მრუდს ექნება მდგრადი ხასიათი რამოდენიმე დღის განმავლობაში და ამიტომ, ყველა რეკომენდაცია ძალაშია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმითვე, კორონავირუსზე გამოკვლეული მასწავლებლებიდან 7-ს ვირუსი დაუდგინდა.

„მოგახსენებთ, რომ ჩვენ ვიკვლევდით და ვიკვლევთ მასწავლებლებს, მაგრამ რატომღაც ისინი ოდნავ მოეშვნენ. დაახლოებით 2200 მასწავლებელია, ვინც ზაფხულში, განსაკუთრებით აგვისტოს მეორე ნახევარში აჭარაში იმყოფებოდა და ისინი საქართველოს ყველა რეგიონში გამოკვლევას დაექვემდებარნენ. 2200-დან გამოკვლევაზე მივიდა მხოლოდ 1011, ანუ 46% და 7 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ამიტომ, ისევ და ისევ გთხოვთ ყველა რეგიონში მასწავლებლებს, ვინც ზაფხულის განმავლობაში, განსაკუთრებით აგვისტოში აჭარაში იყვნენ, მიბრძანდნენ გამოსაკვლევად. ამას სახელმწიფო თავის თავზე იღებს. დაუკავშირდნენ თავიანთი მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს და გამოკვლევები ჩატარდება“,-განაცხადა გამყრელიძემ

მსგავსი თემები