რაგბის კავშირში სროლა იყო, დაჭრილია ერთი ადამიანი

საქართველოს რაგბის კავშირის შენობაში ცოტა ხნის წინ სროლა იყო. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, თორნიკე გოგებაშვილმა დაუდასტურა.

მისივე თქმით, დაჭრილია საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.

„დაჭრილია საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი რამაზ ხარაზიშვილი. ის ფეხშია დაჭრილი. გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოხდა პოლიციის გამოძახება და რაგბის კავშირის ყველა თანამშრომელი თანამშრომლობს პოლიციასთან“, – აღნიშნა თორნიკე გოგებაშვილმა.

კითხვაზე, რას მოჰყვა ინციდენტი, თორნიკე გოგებაშვილმა აღნიშნა, რომ მომხდარი სხდომასთან დაკავშირებული არ ყოფილა. მისივე ცნობით, მამაკაცს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.

„ეს კაცი მოვიდა შემთხვევით. არანაირი კავშირი არ ჰქონია. სავარაუდოდ ვიღაცასთან რაღაც პირადი დაპირისპირება ჰქონდა და ამ დაპირისპირებას შეესწრო აღნიშნული პირი. დანარჩენი მე თვითონაც არ ვიცი. ჭრილობა მიყენებული აქვს ფეხში და სავარაუდოდ გამოყენებულია ცეცხლსასროლი იარაღი. მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა თორნიკე გოგებაშვილმა.

თორნიკე გოგებაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის რაგბის კავშირში სამართალდამცველები მუშაობენ, მიმდინარეობს თანამშრომლების გამოკითხვა. მისივე ცნობით, ჯერ დაკავებული არავინ არის.

მსგავსი თემები