“ქართული სასამართლო საერთაშორისო რეიტინგებით მოწინავე რიგებშია” – გია ვოლსკი

  •  

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციამ „საერთო სასამართლოების“ შესახებ კანონპროექტის კრიტიკასთან ერთად, ისიც უნდა დაასაბუთოს, ვენეციის კომისიის რომელი რეკომენდაციები არ არის პროექტში ასახული და სად არის აცდენა.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ოპოზიცია მხარს არაფერს უჭერს, მათ შორის არც საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ ცვლილებებსა და არც ისეთ საკითხებს, რაც ქვეყნის შემდგომ განვითარებას ეხება.

„მით უმეტეს, მხარს არ უჭერენ იმას, თუ მოსაზრებები პოზიტიურია და ამას უმრავლესობის ინიციატივა ჰქვია. საკმაოდ საინტერესო და პროგრესული კანონპროექტია მომზადებული. ოპოზიციას თავისი დღის წესრიგი აქვს და დიდი ხანია, გამოსულია საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ფორმიდან. თქვან, რა რეკომენდაციებია, რომელსაც კანონპროექტი ვერ პასუხობს და სად არის აცდენა. საუკეთესო გადაწყვეტილება ისაა, რასაც საკანონმდებლო ორგანოს ვთავაზობთ. სასამართლოში „კლანური მმართველობა“ არ არსებობს. არ არსებობს იდეალური სტრუქტურაც, რაც შეიძლება ეკა ბესელიას მოეწონოს. ფაქტია, ქართული სასამართლო საერთაშორისო რეიტინგებით მოწინავე რიგებშია და დასავლეთ ევროპის ბევრ სასამართლოს უსწრებს თავისი რეიტინგითა და მონაცემებით. ამ რეალობის ირგვლივ ოპიზიციის მხრიდან შეტევა მუდმივად იქნება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კანონპროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ყველა ეტაპზე შემოდის გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტი, რომელსაც საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა განმწესების პროცედურის მსგავსად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი განახორციელებს. გარდა ამისა, შესაძლებელი ხდება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის ნებისმიერ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრება.

მსგავსი თემები