საქართველო მთავრობათაშორისი კოალიციის – „დემოკრატიათა თანამეგობრობა“ სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე გახდა

მთავრობათაშორისი კოალიციის – „დემოკრატიათა თანამეგობრობა“ გენერალური მდივნის მიწვევითა და კოალიციის მმართველი საბჭოს 28 წევრი ქვეყნის მხარდაჭერით, საქართველო გახდა „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ სამუშაო ჯგუფის – „დემოკრატია და ტექნოლოგიები“ თავმჯდომარე ქვეყანა.

​უწყების ცნობით, სამუშაო ჯგუფი „დემოკრატია და ტექნოლოგიები“ წარმოადგენს თანამშრომლობის განვითარების პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებას ეფექტიანი და ანგარიშვალდებული დემოკრატიული მმართველობის მხარდასაჭერად.

„სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი მიზანია ტექნოლოგიების განვითარების გზით დემოკრატიული პროცესებისა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობა. აღსანიშნავია, რომ მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის ამოცანები, რომელთა შესრულების პოპულარიაზიასაც საერთაშორისო არენაზე საქართველო აქტიურად ახდენს, პირდაპირ ეხმიანება „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ ღირებულებებს და მთავარ ადგილს იკავებს მის საქმიანობაში.

სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეობა საქართველოს აძლევს შესაძლებლობას წარმოაჩინოს საკუთარი თავი, როგორც წარმატებული დემოკრატიული რეფორმების განმახორციელებელმა ქვეყანამ; სხვა სახელმწიფოებს გაუზიაროს ამ სფეროში დაგროვილი გამოცდილება; ასევე, გაითვალისწინოს ამ მხრივ, სხვა ქვეყნების მიერ მიღწეული შედეგები და პროგრესი და ხელშესახები წვლილი შეიტანოს საკუთრივ „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ გაძლიერებასა და გლობალურად, საერთო გამოწვევების საპასუხო გზების ძიებაში. ამასთან, საქართველოსთვის ეს არის შესაძლებლობა, სხვა სახელმწიფოებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, საკუთარი წვლილი შეიტანოს ღიაობისა და დემოკრატიის განვითარებისკენ მიმართულ საერთო ძალისხმევაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველო, როგორც დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით წარმატებული ქვეყანა, 2019 წლის ოქტომბერში შერჩეულ იქნა „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ მმართველი საბჭოს წევრად. საქართველო იყო ვარშავის დეკლარაციის ხელმომწერთა შორის, რომლითაც 2000 წელს საფუძველი დაედო „დემოკრატიათა თანამეგობრობას“. დეკლარაციაში ასახულია ორგანიზაციის მთავარი მიზნები, რომლებიც მოიცავს, მათ შორის, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების, დემოკრატიული თავისუფლებების დაცვის, გაღრმავებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით კონსოლიდირებულ ძალისხმევას“,- აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მმართველ საბჭოში ამჟამად გაერთიანებულია 29 წევრი ქვეყანაა – არგენტინა, აშშ, გვატემალა, დიდი ბრიტანეთი, ელ სალვადორი, ესტონეთი, ინდოეთი, იტალია, იაპონია, კანადა, კორეის რესპუბლიკა, კოსტა რიკა, ლიეტუვა, მალი, მექსიკა, მონღოლეთი, მაროკო, ნორვეგია, ნიგერია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საქართველო, უნგრეთი, ურუგვაი, ფინეთი, შვედეთი, ჩილე და ჩრდილოეთ მაკედონია.

მსგავსი თემები