გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება. დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილმა ძალაში დატოვა.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, ვინაიდან, სახელმწიფო ბრალდება მიიჩნევს, რომ დაკავებულების მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე კვლავ არსებობს.

აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. მათი ნაწილი ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ, ნაწილი კი მათი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ასევე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

დაკავებული 11 პირი – საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე, ირაკლი წაქაძე, არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე, ვახო ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ნიკა ჟვანია, ირაკლი მუმლაძე, თენგიზ ბარბაქაძე და გიგა ტატიაშვილი ბრალს არ აღიარებენ, ისინი დუმილის უფლებას იყენებენ.

ცნობისთვის, დაკავებულებს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, სხეულის მსუბუქ დაზიანებას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

მსგავსი თემები