თბილისში ერთი პატარა გოგოს სახელობის პატარა ქუჩა არსებობს – სამშობლოდაკარგული ირინე სხირტლაძე 

  •  

თბილისში ყაზბეგის გამზირსა და უნივერსიტეტის ქუჩას შორი ერთი პატარა გოგოს სახელობის პატარა ქუჩა მდებარეობს. ირინე სხირტლაძის ქუჩის არსებობა არც იმ მიდამოებში გავლისას და არც თბილისის ცნობარიდან შემიტყვია. არადა ქუჩა სამშობლოს უნახავად დაღუპული გოგონას სახელს გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ატარებს. თავად ირინეს შესახებ კი საქართველომ, 70-იანი წლებიდან ცნობილი პოეტის და საზოგადო მოღვაწის, ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსიდან შეიტყო და მაინც მის ქუჩამდე მამის ნაკვალევმა მიმიყვანა.

ირინე სხირტლაძის მამა, არკადი სხირტლაძე ”სამშობლოსათვის მებრძოლ სამშობლოდაკარგულ” იმ იუნკერთაგან ერთ-ერთია, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის გამოფენამ შეახსენა საზოგადოებას. საბჭოთა ოკუპანტებს განერიდა და საქართველოს დარად რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ საუკუნეების განმავლობაში მებრძოლ პოლონეთს შეაფარა თავი. აქვე დაქორწინდა პოლონელ ქალბატონზე და ორი ქალიშვილი შეეძინა.

პოლონეთის არმიის კონტრაქტორი ოფიცერი მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში საბჭოთა კავშირის პოლონეთზე თავდასხმისას ტყვედ ჩაუვარდა იმათ, ვის გამოც 1921 წელს სამშობლოდან გადაიხვეწა და ვინც 1940 წელს სხვა პოლონელ ტყვეებთან ერთად კატინის ტყეში გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი. 1944 წელს კი, ვარშავის აჯანყების დროს დაიღუპა ირინე სხირტლაძე, რომელიც ჯერ ლექსით და შემდეგ თბილისის ერთ-ერთი ქუჩისათვის სახელის მინიჭებით უკვდავყო ჯანსუღ ჩარკვიანმა.

”საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი” – ეს გულამოყოლებული ტკივილიანი ფრთოსანი ფრაზა სამწუხაროდ გაგვიხშირდა. როგორც პოეტის ქალიშვილმა, თაკო ჩარკვიანმა მიამბო, ეს სიტყვები 90-იან წლებში, სამოქალაქო ომის დროს პრეზიდენტის მომხრეებს ჰქონიათ გამოფენილი – გულის ყურით კი არა, თვალითაც არ წაგვიკითხავს თურმე, შედეგებს დღესაც ვიმკით. არა და ვისაც საქართველოს ერთობა და თავისუფლება არ სურდა იმათ კარგად იცოდნენ ამ ფრაზის მნიშვნელობა და ძალა, და ავტორს არა ერთხელ მიანიშნეს ამის შესახებ; ან რა გასაკვირია, მაშინ, როდესაც მთელი საბჭოეთი მღეროდა, რომ მისამართი არც ქუჩა და არც სახლია, მისამართი – საბჭოთა კავშირია, ჩნდება ლექსი ”საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი?!”

გამოფენაზე არკადი სხირტლაძის შესახებ გამოქვეყნებულ მწირ ინფორმაციაში ირინე სხირტლაძე რომ ამოვიკითხე, ის ემოციები მომეძალა ”ირინოლა, ირინოლა, ირინოლა, ირინემ ” რომ გამოიწვია სკოლის ასაკში. თუმცა, ეს უფრო 16 წლის გოგონას ტრაგიკული ბედის განცდა იყო, ახლა კი ორი ”სამშობლო დაკარგული სხირტლაძის” საქართველოში ამ ფორმით დაბრუნების მნიშვნელობას ვაცნობიერებ, მართლაც ” საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი?!”

წყარო: პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი.
”სამშობლოსათვის მებრძოლი სამშობლოდაკარგულების” მაძიებლები: ჟანა ქვათაძე, ​ეთრ იმნაძე, ირმა სისაური, თამარ ხიზამბარელი -სანიკიძისა.
მასალა მოამზადა ნინო გედენიძემ

მსგავსი თემები