“რიცხვი 158 პანიკის საფუძველს არ გვაძლევს” – მარინა ეზუგბაია

“რიცხვი 158 პანიკის საფუძველს არ გვაძლევს”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად ინფიცირების შემთხვევების მატებისა, პანიკის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან სწრაფად განხორციელდა კონტაქტების მოძიება და მათი იზოლაცია.

„რიცხვი 158 პანიკის საფუძველს არ გვაძლევს. მინდა გითხრათ, რომ შედარებით წყნარად ვიყოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მყისიერი, სწრაფი, თანაზომადი ქმედებები განხორციელდა მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის მიერ, ძალიან სწრაფად მოხდა ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიება, მათი გამოკვლევა და დადასტურება. აი, ამ 158-დან ყველაზე მეტი შემთხვევა გახლავთ ბათუმიდან და ბათუმში თითქმის უკვე ლოკალიზაციისკენ მივდივართ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე განცხადებით, ბათუმსა და ცაგერში ვირუსის გავრცელების კერა უკვე ლოკალიზებულია.

„აი, ასეთი სწრაფი კვლევების რაოდენობა საშუალებას იძლევა, ინფიცირებულთა კონტაქტების იზოლაცია მოვახდინოთ, რითაც მყარად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაავადების გავრცელების შეწყვეტას განვახორციელებთ. ბათუმი თითქმის ლოკალიზებულია, ასევე ცაგერიც. ახლა ასეთი აქტიური ქმედებები მიდის იმერეთსა და სამეგრელოშიც. კონტაქტების აქტიური გამოვლენა ხდება, რის შედეგადაც იზრდება დადასტურებული შემთხვევების რიცხვი, მაგრამ ეს ზუსტად იმის საფუძველია, რომ შემდგომში დაავადების ლოკალიზაციისა და შესუსტებისკენ წავიდეთ. ეს კარგი გამოსავალია, რათა ამ ახალად წარმოქმნილი კერების თუ კლასტერების ლოკალიზება მოვახდინოთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ

მსგავსი თემები