“რუსთავი 2” დაავადებათა კონტროლის ცენტრთან კონსტულტაციებს გადის

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში აცხადებენ, რომ ინფიცირებულ თანამშრომელთან კონტაქტში მყოფი ყველა პირის მოძიება მიმდინარეობს, უახლოეს საათებში კი მათი ტესტირება დაიწყება.

როგორც „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა, ტელეკომპანია ამ სიტუაციისთვის პანდემიის დაწყების დღიდან მზად იყო.

„ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. შესაბამისად, ის გადაყვანილია სტაციონარში. ჩვენ ასეთი მდგომარეობისთვის მზად ვიყავით ჯერ კიდევ ვირუსის პირველი ეტაპიდან, შემუშავებული გვაქვს სპეციალური პროტოკოლი, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ასეთ ვითარებაში. გავდივართ აქტიურ კონსულტაციებს და უშუალო კონტაქტზე ვართ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან, ვასრულებთ მათ რეკომენდაციებს. პირველ რიგში, რასაც ახლა ვაკეთებთ, არის ის, რომ მოძიებულ იქნას ყველა პირდაპირი კონტაქტი. გარდა ამისა, უკვე მივიღეთ ზომები, რომ ჩატარდეს ტესტები. ყველა იმ ადამიანს, რომელსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა ჩვენს თანამშრომელთან, უნდა ჩაუტარდეს ტესტი და უახლოეს საათებში, მაქსიმუმ ხვალ გვეცოდინება, უდასტურდებათ თუ არა ვირუსი მის უშუალო კონტაქტებს. იმედი გვაქვს, ასე არ იქნება“, – განაცხადა პაატა სალიამ.

მისივე თქმით, პირველივე შესაძლებლობისთანავე, დაიტესტება ყველა თანამშრომელი.

როგორც სალიამ განაცხადა, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა მუშაობს იმაზე, რომ „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა არ შეაფერხოს.

„ჩვენ ვაგრძელებთ ყველა იმ მოქმედებას, რაც აუცილებელია, რათა ტელევიზიამ არ შეაფერხოს მაუწყებლობა, თუმცა შეიძლება, უახლოესი ერთი-ორი დღის განმავლობაში გარკვეული ცვლილებები იყოს, მაგრამ ეს არ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები. იმედი გვაქვს, რომ ეთერზე ეს არ აისახება და ჩვენი მაყურებელი, ისევე როგორც აქამდე, ინფორმაციას „კურიერის“მეშვეობით მიიღებს და ასევე, ნახავს ყველა სხვა გადაცემას“, – განაცხადა პაატა სალიამ.

მსგავსი თემები