“ეს საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკის გაჯანსაღების კუთხით გადადგმული ნაბიჯების კიდევ ერთი აღიარებაა“, – დავით ზალკანიანი

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში იმის აღიარებაა, რომ ეკონომიკური რეფორმების გაჯანსაღების კუთხით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები უაღრესად პოზიტიურადაა შეფასებული“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2020 წლის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ასევე პოზიტიური გზავნილია საერთაშორისო ინვესტორებისთვის.

„ეს არის უაღრესად პოზიტიური გზავნილი. პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის იმის აღიარება, რომ ეკონომიკური რეფორმების გაჯანსაღების კუთხით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები, საინვესტიციო გარემო უაღრესად პოზიტიურად არის შეფასებული. ასევე, ეს არის გზავნილი საერთაშორისო ინვესტორებისთვის. როდესაც ამერიკელი ინვესტორი მოდის საქართველოში, პირველ რიგში, მსგავს ანგარიშებს ეცნობა და ეს ანგარიში, რომელიც პოზიტიურ დასკვნებს იძლევა, იქნება კარგი საფუძველი, რომ ჩვენ გავზარდოთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოზიდული ინვესტიციების რაოდენობა. ჩვენ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის თანამშრომლობა გვაქვს და გვსურს, ეკონომიკური თანამშრომლობის დონე ავიდეს იმ მაღალ ნიშნულზე, რა ნიშნულზეც არის პოლიტიკური, თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა.

მინდა, ასევე გამოვეხმაურო დღევანდელ ახალ რეიტინგებს, რომელიც გამოქვეყნდა და რომელიც საქართველოს კიდევ ერთი საფეხურით წინ სწევს ეკონომიკის თავისუფლების კუთხით, ეს საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკის გაჯანსაღების კუთხით გადადგმული ნაბიჯების კიდევ ერთი აღიარებაა“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მსგავსი თემები