ნინო თანდილაშვილმა პარლამენტში „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტი წარადგინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა პარლამენტში, საკომიტეტო სხდომაზე „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მომზადდა.

„კანონპროექტის ძირითად მიზანს გარემოზე ზიანის მიყენების პრევენციისა და შერბილების სამართლებრივი რეგულირება წარმოადგენს და სრულად ასახავს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ ევროკავშირის დირექტივის მოთხოვნებს. კანონპროექტზე მუშაობა სამინისტროში რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროცესში ჩართული იყვნენ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ექსპერტები. უნდა აღინიშნოს, რომ „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტი სრულიად ახალ მიდგომებს ადგენს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კუთხით“, – განაცხადა საკომიტეტო მოსმენაზე ნინო თანდილაშვილმა.

ახალი რეგულაციებით, პირი, რომელიც გარემოს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს, ვალდებული იქნება, სამინისტროსთან შეთანხმებით, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები გარემოს აღსადგენად, ამასთან, თავად გაიღოს სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად საჭირო თანხები. პირი ვალდებული იქნება გარემოზე ზიანის მიყენების საფრთხის არსებობის შემთხვევაში, დაუყონებლივ აცნობოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და გაატაროს პრევენციული ღონისძიებები მოსალოდნელი ზიანის აღმოსაფხვრელად.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, კანონპროექტის მიზანია საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტს ჩამოუყალიბდეს მაღალი პასუხისმგებლობა, ორიენტირებული იყოს გარემოსთვის ზიანის მიყენების პრევენციაზე და მობილიზებული ჰქონდეს გარკვეული ფინანსური სახსრები დაზიანებული გარემოს აღსადგენად საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად.

„კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი რეგულაციები ეფუძნება პრინციპს – „დამბინძურებელი იხდის“. ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხები მიემართება სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე. აღნიშნულ ანგარიშზე აკუმულირებული თანხები მოხმარდება დაზიანებული გარემოს აღდგენას“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მსგავსი თემები