თბილისში 7 საქალაქო პარკის გაშენების რესურსი არსებობს – გენგეგმის ჯგუფი

  •  

​თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრების ინფორმაციით, დედაქალაქის ძველი საწარმო ტერიტორიების ე.წ ბრაუნფილდების გამოთავისუფლებით, თბილისს 400 ჰექტარზე მეტი მწვანე სივრცე შეემატება. გენგეგმის პროექტის თანახმად დედაქალაქში 7 საქალაქო პარკი უნდა გაშენდეს. გამწვანებული სივრცეები მდინარე მტკვრის შენაკადების არეალებშიც უნდა მოეწყოს, რაც მტკვრის ზოგ ადგილას გახსნას გულისხმობს.

თბილისის საკრებულოში დღეს, გარემოს დაცვისა და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის ის ნაწილი განიხილეს, სადაც გამწვანებულ ტერიტორიებსა და სარეკრეაციო სივრცეებია განხილული.

გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის მერის მოადგილე  მაია ბითაძე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გარემოს დამცველები და არქიტექტორები ესწრებოდნენ. .

გენგეგმის პროექტი კომპანია “სითი ინსტიტუტი – საქართველოს” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, არქიტექტორმა მერაბ ბოლქვაძემ წარუდგინა.

მისი თქმით, გენგეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტი, ერთიანი მწვანე ლანდშაფტური სივრცეების შექმნა და ქალაქის კომპაქტურობის დაცვაა.

გამწვანების კონცეფციის წარდგინების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
როგორც თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე აცხადებს, მმართველი გუნდის მიზანია სრულყოფილი გენგეგმის მიღება, რისთვისაც დოკუმენტის განხილვა გაგრძელდება და საკრებულოში კიდევ არაერთი შეხვედრა გაიმართება.

მსგავსი თემები