კახა კახიშვილი პრეზიდენტის შეწყალების კომისიას ურჩევს, შესაწყალებელ პირს პირადად გაესაუბრონ

სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი პრეზიდენტის შეწყალების კომისიას ურჩევს, მის სამინისტროში არსებული, პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის გამოცდილება გაიზიაროს და როცა საქმე ძალადობრივ დანაშაულს ეხება, შესაწყალებელ პირს პირადად მოუსმინონ.

​როგორც კახა კახიშვილი აცხადებს, მის უწყებაში დანერგილი მსჯავრდებულების ზეპირი მოსმენა შარშან 700-მა პატიმარმა გაიარა. კომისიის წევრები მსჯავრდებულს პირადად ესაუბრებიან დანაშაულის ხასიათზე, სიმძიმეზე, აღიარებს თუ არა დანაშაულს და ასე შემდეგ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საუბარია ძალადობრივ დანაშაულზე.

“ჩვენ დავნერგეთ ზეპირი მოსმენები მსჯავრდებულებთან, იმიტომ, რომ ძალიან რთულია მიიღო გადაწყვეტილება პიროვნების გათავისუფლებაზე მაშინ, როდესაც გაქვს მხოლოდ რამდენიმე ფურცელი და მეტი წარმოდგენა არ გაქვს თავად ადამიანზე. ცუდი არ იქნება, თუ პრეზიდენტის შეწყალების კომისია დანერგავს ამ მეთოდს და ძალიან ბევრი რისკი იქნება თავიდან აცილებული“, – აცხადებს მინისტრი.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე, 3655 მსჯავრდებული შეიწყალა.

 

მსგავსი თემები