“კორონავირუსის დამარცხებას დასჭირდება სულ მცირე 1 წელი” – ამირან გამყრელიძე

როგორც ამირან გამყრელიძემ პრემიერ-მინისტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ამის შემთხვევათა რაოდენობის ზრდა უკავშირდება იმას, რომ ზაფხულის პერიოდში მოსახლეობა რეკომენდაციების შესრულების მხრივ გარკვეულწილად მოეშვა. ამირან გამყრელიძემ ყურადღება გაამახვილა COVID-19-ის სტატისტიკაზე გლობალურად, რეგიონში და საქართველოში.

“საკმაოდ დაძაბულია ვითარება ევროპის რეგიონში. დასავლეთ ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში შემთხვევათა მნიშვნელოვანი ზრდაა, განსაკუთრებით ესპანეთში, საფრანგეთში და იგივე, ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც. სერიოზული ზრდა გახლავთ უკრაინაში, მოლდოვაში, ბელარუსში, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ასევე ჩვენს უშუალო მეზობლებში.  

რა თქმა უნდა, მათთან შედარებით, ამ ეტაპზე, საქართველო რჩება, ისევ და ისევ, ოაზისად, რამეთუ ჩვენთან საერთო შემთხვევათა რაოდენობა შედარებით მცირე გახლავთ. დღევანდელი დილის მონაცემებით ეს არის 1729 დადასტურებული შემთხვევა, მოყოლებული 26 თებერვლიდან, მაგრამ დღევანდელი დილისთვის, ჩვენ გვქონდა ახალი 45 შემთხვევა, რაც ამ ხნის განმავლობაში, რაც ეპიდემიაა ჩვენს ქვეყანაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რა თქმა უნდა, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ ეს არ არის პანიკის საფუძველი, მაგრამ ძალიან საყურადღებოა, რამეთუ, სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობა, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, მოეშვა. ჩვენ გარკვეულად შევიქმენით ილუზია, რადგან  ყველაზე უკეთესად გამოვიყურებით რეგიონში, რომ საქართველოში  თითქოს დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია და ამაზე ვპასუხობთ, რომ არა. ცალკეულ, ერთ აღებულ ქვეყანაში, არ შეიძლება კორონავირუსული ინფექციის დამარცხება, ეს გახლავთ გლობალური პრობლემა და ამას, მთელი სამყარო, ერთიანად გადაწყვეტს და ამას დასჭირდება სულ მცირე 1 წელი, წელიწადნახევარი,”-  განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები