ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელის თქმით, ბელარუსის ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს 9 აგვისტოს ჩატარებულ არჩევნებამდე და შემდეგომ პერიოდში პოლიტიკური მოტივებით დაკავებული პირები. მისივე თქმით, ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ყველას, ვინც დამნაშავეა ძალადობაში, რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაში.

ბორელის განცხადებით, ევროკავშირი ელოდება, რომ ბელარუსის მთავრობა ხალხთან ინკლუზიურ დიალოგს დაიწყებს.

„სამოქალაქო საზოგადოება და მათ შორის საკოორდინაციო საბჭო, უნდა იყვნენ დაცულები მუქარის, დაშინების, დევნის, თვითნებური დაკავებებისა და ძალადობისგან“, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის მედიის ცნობით, 7 სექტემბერს დილით, მინსკში უცნობმა პირებმა ბელარუსის ოპოზიცური საკოორდინაციო საბჭოს წევრი მარია კოლესნიკოვა გაიტაცეს. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. კავშირი გაწყდა ასევე ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს კიდევ ორ წევრთან. მინსკის პოლიციაში განაცხადეს, რომ კოლესნიკოვას ძებნა უკვე დაიწყეს.

მსგავსი თემები