მიმდინარე წელს, ერთ-ერთი უმძიმესი დაავადება ყირიმ – კონგოს ჰემორალიური ცხელების 12 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადება ტკიპის ნაკბენით გადადის.
როგორც მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძემ განცხადა, საქართველოში ტკიპებთან დაკავშირებული ორი საფრთხილო დაავადება არსებობს, ბორელიოზი, რომლის რამდენიმე ათეულობით შემთხვევა საქართველოში ყოველწლიურად ფიქსირდება და ყირიმ – კონგოს ჰემორალიური ცხელება.
პაატა იმნაძის განმარტებით, ყველა ტკიპა არ არის ინფიცირებული და არ გადააქვს ეს დაავადება, თუმცა სასურველია, ბუნებაში გაყვანისას ბავშვებს სხეულზე წავუსვათ რეპერენტები, ანუ ტკიპების დამაფრთხობელი.
დაავადებთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ბორელიოზი, უფრო ხშირად საზღვარგარეთის ქვეყნებშია გავრცელებული, მათ შორის გერმანიაში, ბალტიისპირეთში, ავსტრიაში.
” თუ ტკიპამ უკბინა ადამიანს და დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში სიცხე აქვს და აუხსნელია სხვა მიზეზები, აუცილებლად უნდა მივიდეს ექიმთან და გამოიკვლიოს ხომ არ არის ეს რაღაც დაავადება. მეორე, უფრო მძიმე დაავადება, რომელიც შეიძლება ტკიპით გადავიდეს, მართალია თითებზე ჩამოსათვლელი შემთხვევბია, მაგრამ არის უმძიმე დაავადება – ყირიმ კონგოს ჰემორალიური ცხელება. ტკიპები ახლა უკვე არიან ცხოველებზე, შესაბამისად, შინაური ცხოველების პატრონებმა, ან ვინც მეცხოველეობაშია დასაქმებული თავიანთი საქონელი უნდა დაამუშაონ ტკიპების მოსაშორებელი ქიმიური საშუალებებით”, – აცხადებს პაატა იმნაძე.
მისივე ინფორმაციით, დაავადების ინკუბაციური პერიოდი ტკიპის კბენით ვირუსის გადაცემის შემთხვევაში, არის 1-3 დღე, დაინფიცირებულ სისხლთან და ქსოვილებთან კონტაქტისას 5-6 დღე, ხოლო მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდი 13-14 დღე.
დაავადების დამახასიათებელი სიმპტომებია ცხელება, კუნთებისა და თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, პირღებინება, გამონაყარი, სისხლჩაქცევები კანზე, სისხლდენები სხვადასხვა ღრუებიდან – ცხვირიდან, ღრძილებიდან, საშვილოსნოდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. აღნიშნული სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს ექიმისთვის მიმართვას ურჩევს.
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული დაავადებაა და ის საშიშ პათოგენთა ნუსხას განეკუთვნება. ენდემური კერები გავრცელებულია აფრიკაში, აზიაში, ბალკანეთში, ახლო აღმოსავლესა და თურქეთში.