” იმის მიუხედავად, რომ ეს წელი ეპიდემიოლოგიურად რთული იყო, სოფლის მეურნეობის სამუშაოები, ისევე როგორც სისტემურ ინფრასტრუქტურაზე მუშაობა არც ერთი დღით არ გაჩერებულა” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზუგდიდში ფესტივალს „თხილობა 2020“ დაესწრო. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ მეთხილეობა როგორც სამეგრელოსთვის, ისე ზოგადად, საქართველოს ეკონომიკისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი სფეროა.

„რაც არ უნდა ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს წელი ეპიდემიოლოგიურად იყო რთული, ბევრი შეზღუდვა გვქონდა ეკონომიკურადაც, კრიზისი იყო, მაგრამ არც ერთი დღით სოფლის მეურნეობის სამუშაოები, ისევე როგორც სისტემურ ინფრასტრუქტურაზე მუშაობა, არ გაჩერებულა, ამიტომ, როგორც შედეგი, გვაქვს, მაგალითად, ატმის მოსავალი კახეთში. ატმის ექსპორტი ქვეყნიდან გაზრდილია დაახლოებით ორჯერ. ქართლში უახლოეს პერიოდში დაიწყება ვაშლის აღება და წელსაც სამჯერ მეტი მოსავალი გვექნება, 120 ათას ტონას ველოდებით. ახლა ვართ სამეგრელოში, თხილის აღება უკვე დაწყებულია და საპროგნოზო ციფრები დღეს არის დაახლოებით 50 ათასი ტონა. 50 ტონის ექსპორტიდან რეგიონში შემოსავალი იქნება დაახლოებით 100 მილიონი დოლარი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შესაძლოა, ეს არ არის კატასტროფულად დიდი ციფრი, მაგრამ იმასთან შედარებით, რა დღეშიც იყო ეს დარგი ორი, სამი, ოთხი წლის წინ, 2016 წლის შემდგომ, როდესაც ფაროსანას ეპიდემია დაიწყო სამეგრელოში, რა თქმა უნდა, აშკარა პროგრესი გვაქვს“, განაცხადა პრემიერმა.

მან ასევე ქვეყანაში ფაროსანასთან წარმატებულ ბრძოლაზეც ისაუბრა.

„არის ქვეყნები, უფრო განვითარებულები, რომლებიც ათწლეულები ებრძვიან ფაროსანას და მაინც ვერ გაუმკლავდნენ. საქართველოში დაგვჭირდა სამი-ოთხი წელი. ბუნებრივია, ჯერ სრულად დამარცხებული არ არის, მაგრამ ამას დაემატა გლეხში, ფერმერში მეტი ცოდნის შესვლა. მახსოვს, ბავშვობაში თხილში რომ შეხვიდოდი, ცა არ ჩანდა საერთოდ, სიბნელე იყო, ახლა კი თხილის ბაღებში რომ შედიხარ, გიხარია. ცოდნა, სახელმწიფოს, ფერმერისა და კოოპერატივების ერთობლივი მუშაობა და გვექნება შედეგი“, – აღნიშნა გახარიამ.

მსგავსი თემები