დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართა

  •  

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, მუშთაიდის ბაღში, თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ფესტივალზე მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილე კომპანიებისგან სხვადასხვა მომსახურება განსაკუთრებულ ფასად მიეღოთ. ისინი სხვადასხვა სიახლეს გაეცნენ, ბავშვებმა კი სახალისო და შემოქმედებით აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.

საფესტივალო აქტივობები ექვს ზონაში გადანაწილდა: სპორტული ზონა მოიცავდა სპორტულ სკოლებს, წრეებს, მუნიციპალურ სპორტულ ა(ა)იპ-ებს; განათლების ზონაში წარმოდგენილი იყო საკვირაო სკოლები, აკადემიები, სახელოვნებო წრეები; ჯანმრთელობის ზონა დაეთმო ბავშვთა კვებისა და ჰიგიენური პროდუქციის მწარმოებლებს, ბავშვთა კლინიკებს, საგანმანათლებლო მიმართულებით მომუშავე ა(ა)იპ-ებს; გართობის ზონა მოიცავდა გასართობ ცენტრებს, ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიებს და კვების ობიექტებს; საბავშვო „სტარტაპების“ ზონაში წარმოდგენილი იყო სათამაშოებისა და ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიები; კულტურული ზონა კონცერტსა და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას მოიცავდა.

ფესტივალის ფარგლებში, ასევე, წარმოდგენილი იყო მუნიციპალური პროგრამები სპორტული, სახელოვნებო და საგანმანათლებლო მიმართულებით. საბავშვო ფესტივალის სცენაზე გაიმართა ჯგუფის „მარტივი გამოსავალი“ კონცერტი.

ღონისძიებას თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი, ირაკლი გვილავა დაესწრო.

მსგავსი თემები