“ამ მოცულობის მატება ჩაკეტვას არ მოითხოვს” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მიღებული გამოცდილების საფუძველზე, ექიმებიც და სამთავრობო გუნდიც მიიჩნევს, რომ ზოგიერთ ლოკალიზაციაზე კორონავირუსის შემთხვევების ამ რაოდენობით მატება არ წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ქვეყნისთვის და არ მოითხოვს საგანგებო ზომებს, როგორიცაა ჩაკეტვა.

მისივე თქმით, ქვეყანამ ისწავლა პანდემიის მართვა, მათ შორის კლინიკური სექტორი გაცილებით უფრო მომზადებულია.

„თავიდან, როცა პანდემია იწყებოდა, მეტი იყო რისკის მოლოდინი, არავინ ვიცოდით, რა კანონზომიერებებით განვითარდებოდა პანდემია და იყო საფრთხე იმისა, რომ საგანგებო ზომების გარეშე დაავადებას მიეღო მასიური გავრცელების სახე საქართველოში. ახლა მთელმა მსოფლიომ შეიძინა გამოცდილება, მათ შორის ჩვენ, თუ რა შემთხვევაში რა მოლოდინი უნდა გვქონდეს. ამ გამოცდილების საფუძველზე, ექიმებიც და სამთავრობო გუნდიც ვთვლით, რომ ამ მოცულობის მატება ზოგიერთ ლოკალიზაციაზე, არ წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ქვეყნისთვის და არ მოითხოვს საგანგებო ზომებს, ჩაკეტვას. ქვეყანამ ისწავლა პანდემიის მართვა, მათ შორის კლინიკური სექტორი გაცილებით უფრო მომზადებულია და დღეში ორი, თუ სამი ათეული შემთხვევა  არ წარმოადგენს კლინიკური სექტორისთვის რაიმე დიდ დატვირთვას. ჩვენ ბოლო თვენახევრის განმავლობაში სულ ორი გარდაცვალების შემთხვევა გვქონდა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები