„ეფბიაიმ“ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში ჩართვაზე უარი თქვა” – პროკურატურა

პროკურატურა ადასტურებს, რომ ამერიკის ფედერალურმა ბიურომ უარი თქვა, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიებაში ჩაერთოს.

როგორც საქართველოს პირველ არხს პროკურორმა დავით გუმბერიძემ განუცხადა, პროკურატურას ჰქონდა კომუნიკაცია „ეფბიაის“ ატაშესთან, რომელმაც განმარტა, რომ ფედერალურ ბიუროს წარმომადგენლები იძიებენ მხოლოდ შტატების ტერიტორიაზე და მათთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებს, შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარის გამოძიების უფლებამოსილება მხოლოდ ქართულ მხარეს გააჩნია.

„ჩვენ ამ საქმეზე ვატარებთ სრულყოფილ და ობიექტურ გამოძიებას“, – განაცხადა დავით გუმბერიძემ.

პროკურორი არ აკონკრეტებს, უკვე მიღებული ექსპერტიზის დასკვნების და საქმეში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, შეიცვლება თუ არა გამოძიების მუხლი – თვითმკვლელობამდე მიყვანა, სხვა მუხლით, რასაც ბაჩალიაშვილის ოჯახი ითხოვს.

„ჯერ კიდევ დანიშნულია და მისაღებია ექსპერტიზის დასკვნები, ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც ჩვენ ვიმსჯელებთ და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ დამდგარ შედეგთან მიმართებაში“, – განაცხადა გუმბერიძემ.

მსგავსი თემები