დეპუტატს 5 მილიონი დოლარის გადასახდელად ერთ კვირას აძლევენ ან მოკვლით ემუქრებიან – მორიგი ზარი ენზელ მკოიანთან

პარლამენტის წევრს, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატ ენზელ მკოიანს კრიმინალებმა ისევ დაურეკეს და მოთხოვნილი თანხის გადასახდელად კონკრეტული ვადა მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ოჯახის ერთ-ერთ წევრს დაკარგავს. აღნიშნულთან დაკავშირებით დეპუტატის ინტერესების დამცველმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

როგორც ტარიელ მურმანიშვილმა აღნიშნა, დეპუტატის მიმართ განხორციელებულ პირველ მუქარას კონკრეტული ქმედებაც მოჰყვა, რა დროსაც მისი ძის მანქანა ააფეთქეს.

„დეპუტატის  ძმა 21 აგვისტოს ააფეთქეს, რადგან ეგონათ, რომ მანქანაში თავად ენზელ მკოიანი იჯდა. ეს ქმედება განხორციელებული იყო დეპუტატის მისამართით.  ამ კონკრეტულ ფაქტს წინ უსწრებდა მუქარა და თანხის მოთხოვნა, რომ თუ 5 მილიონ დოლარს არ გადაიხდიდა, ახლობელს წაართმევდნენ“ – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე ინფორმაციით, დეპუტატს ისევ დაურეკეს და ამჯერად წამზომი ჩაურთეს.  

„იგივე პირება, იგივე ნომრიდან ენზელ მკოიანს ბოლოს 30 აგვისტოს დაურეკეს. ზარი განხორციელდა 23:19 საათზე. კავკასიური აქცენტით, მას უთხრეს: აბა რას შვები, იხდი თუ არა ჩვენს მიერ მოთხოვნილ 5 მილიონ ამერიკულ დოლარს? თუ არ გადაიხდი, ხომ იცი, რომ შენს უახლოეს ადამიანს წაგართმევთ და ვერ ნახავთ. თან უთხრეს ხომ ხედავთ არ ვხუმრობთ, მანქანა ავაფეთქეთ და ერთი კვირის ვადას გაძლევთო. ასევე  დაამატეს, რომ ამ საქმის უკან დგას საკმაოდ გავლენიანი ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია შენით. ვინც შენს გარშემო ტრიალებს, ხომ არ გგონია რომ შენიანები არიან, ისინი ყველანი ჩვენი გუნდის წევრები არიან და ყველაფერი ვიცით და გაკონტროლებთო“  – განაცხადა ტარიელ მურმანიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

როგორც ადვოკატი ამბობს, აღნიშნულის შესახებ პროკურატურა საქმის კურსში ჩააყენეს, თუმცა, საქმეზე გამოძიება ინერტულია.

„ამის შემდეგ, ეგრევე ვაცნობეთ გამოძიებას, თუმცა დეპუტატი დღემდე არ არის დაკითხული და არც დაზარალებულადაა ცნობილი. ასევე მინდა გითხრათ, რომ, დეპუტატმა გააკეთა ვიდეომიმართვა, რომელიც ჯერჯერობით უსაფრთხოდ ინახება. ის გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ მას ან მის რომელიმე ახლობელს რამე დაემართება, ამ ვიდეოში ყველა საეჭვო პირია ჩამოთვლული და ეს ვიდეოჩანაწერი გაეგზავნება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასა და დიპლომატიურ კორპუსს“ – განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები