დავით საგანელიძე საზოგადოების კრიტიკას პასუხობს

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი, დავით საგანელიძე საზოგადოებაში მის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით უარყოფით გამოხმაურებას განცხადებით  პასუხობს.

საგანელიძე აღნიშნავს, რომ მისი ნათქვამი არასწორი ინტერპრეტაციით იქნა გავრცელებული:

„ვეხმაურები დღეს ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ ჩემი სიტყვების არასწორ ინტერპრეტაციას, რომელიც კონტექსტიდან ამოგლეჯილი სახით გავრცელდა. ონის კულტურის სახლის ეზოში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტის გახსნის ცერემონიაზე მოსახლეობას სიტყვით მივმართე და მივულოცე ეს მნიშვნელოვანი დღე. ჩემი სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გავამახვილე მამისონის გზის მნიშვნელობასა და ონის ულამაზეს რაიონზე, რომელიც გარკვეულწილად ჩიხში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ცხინვალისა და მამისონის გზები ჩაიკეტა. დღეს ონის რაიონს ტურისტული განვითარების უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ამ მიმართულებით, პირველი ნაბიჯი იქნება ის, რომ მომავალ წელს გაიხსნას საჩხერე-შქმერი-ონის გზა, რომლის იდეის ავტორი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, მეც გახლდით. იქვე აღვნიშნე, რომ ასევე, უნდა ვიფიქროთ ონი-ღები-უშგული-მესტიის ახალი გზის პროექტზე, რომელიც რაჭას სვანეთთან დააკავშირებს და თბილისიდან წამოსული ტურისტი უმოკლესი გზით, რაჭის გავლით მოხვდება სვანეთში. ამასთანავე, იმედს გამოვთქვამ, რომ აღდგება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და რაჭაში ისევ ცხინვალის გზით ვივლით. ალბათ, გაიხსნება მამისონის გზაც, რომელიც ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავების საშუალებას მოგვცემს.

სწორედ ამის შესახებ ვისაუბრე ონში. ჩემი სიტყვების ნებისმიერი სხვა სახით ინტერპრეტაცია გახლავთ მიზანმიმართული კამპანია და ყველას მოვუწოდებ, თავი აარიდონ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.“ – აღნიშნულია საგანელიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები