საჯარო სკოლების პირბადეებით, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და სადეზინფექციო სითხეებით აღჭურვას განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს

სკოლებში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, განათლების სამინისტრო ახალი სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით აღჭურვას უზრუნველყოფს.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, პროცესი დაწყებულია და ახალი სასწავლო წლისთვის ყველა საჯარო სკოლა აღნიშნული სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვილი იქნება.

განათლების სამინისტრო 2020-2021 სასწავლო წლისთვის „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში, საჯარო სკოლების მოსწავლეებს სახელმძღვანელოებს უსასყიდლოდ გადასცემს. სახელმძღვანელოების მიწოდება საქართველოს მასშტაბით შეუფერხებლად მიმდინარეობს.

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, განათლების სამინისტრს მხარდაჭერით, 3 732 020 ერთეული სახელმძღვანელო (8 487 114 ლარი) შეისყიდა, რომელიც ქართული სექტორის პირველი, მეშვიდე, მეცხრე, მეთორმეტე და არაქართული სექტორის პირველი-მეექვსე კლასებისთვის არის განკუთვნილი.

ასევე, შესყიდულია დაწყებითი საფეხურის, მეშვიდე, მერვე კლასისთვის განკუთვნილი 874 850 ერთეული გრიფირებული სახელმძღვანელო (2 904 341 ლარი).

„სახელმწიფო ბიუჯეტის მაქსიმალური ეკონომიისა და მაღალი ხარისხის მომსახურების მისაღებად საჭირო სახელმძღვანელოების შესყიდვა კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით მოხდა.

ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების მიწოდება აქტიურ ფაზაშია და სასწავლოს წლის დაწყებამდე ყველა საჯარო სკოლა უზრუნველყოფილი იქნება წიგნებით.

„მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის“ პროგრამა 2013 წლიდან წარმატებით ხორციელდება და მისი მიზანია სრული ზოგადი განათლებისა და საგანმანათლებლო რესურსების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი თემები