კახეთის რეგიონში ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა

კახეთის რეგიონში ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აჩინებულში გაიხსნა. საწარმოში  წელიწადში 500 000 ლიტრზე მეტი სხვადასხვა სახეობის ხილის წვენის წარმოება იგეგმება. პროდუქციის რეალიზაცია, პირველ ეტაპზე, ადგილობრივ ბაზარზე განხორციელდება. სამომავალოდ იგეგმება ექსპორტზე გატანაც.  საწარმოში მუდმივად 25 ადამიანია დასაქმებული, სეზონურად დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება.

საწარმო ახმეტისა და თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა გახსნეს.

რგორც “მთავარს” თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, შპს „აჩინებული“, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.

საწარმოში, ჯამურად, 2,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 975, 402 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, ხოლო 632, 835 ლარი სახელმწიფოს მიერ გაცემული გრანტიაა.

2018 წლის ბოლოსთვის, კომპანიაში, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი – ISO 22:000 დაინერგება. 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, “ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში დაფინანსებული 173 ახალი საწარმოდან 57 კახეთის რეგიონში შეიქმნა.

სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების ზრდისთვის, 2013  წლიდან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო – „ერთიანი  აგროპროექტი“   ახორციელებს.

მსგავსი თემები