“შემდგომი წელიწადი, წელიწადნახევარი, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სწორად ვმართოთ რისკები” – გიორგი გახარია

გუშინ გვქონდა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდა, 38 შემთხვევა, დღეს გვაქვს 20 ახალი შემთხვევა, რაც, რა თქმა უნდა, უაღრესად საყურადღებოა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გუშინ, ქვეყნის მასშტაბით გაკეთდა დაახლოებით 7 186 ტესტი, რომელზეც პასუხი დღეს, დღის მეორე ნახევარში იქნება და რაც ეპიდემიოლოგიურ სურათს უკეთესად დაგვანახებს.

„რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ გლობალური პანდემია არის გამოწვევა, რომელთან ერთადაც ჩვენ მოგვიწევს ცხოვრება, როგორც ჩანს, შემდგომი წელიწადი, წელიწადნახევარი, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა სწორად ვმართოთ რისკები. ვერავინ, მათ შორის საქართველოც, ცალკე აღებული ქვეყანა, გლობალურ პანდემიას ვერ დაამარცხებს, რამეთუ ეს არის გლობალური გამოწვევა და რისკი. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა  და რა თქმა უნდა, დავიცვათ ჩვენი ეკონომიკა“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, საქართველოს გარკვეული წარმატებები აქვს.

„დღეს, საქართველო აღიარებულია ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად ეპიდემიის რისკების მართვის, ისევე, როგორც ეკონომიკური რისკების შემსუბუქების მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ორმა საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციამ საქართველოს შეუნარჩუნა საინვესტიციო რეიტინგი, რაც რა თქმა უნდა, არის მიღწევა და ჩვენ, მოქალაქეებთან ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მიღწევა დავიცვათ. ამისთვის გვჭირდება ის, რომ უაღრესად ყურადღებით მოვეკიდოთ იმ მოთხოვნებს, რომელიც ეპიდემიოლოგებს აქვთ. არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, სად ვართ, ბათუმში, თბილისში, თელავში, თუ სხვაგან. უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცია, უნდა ვატაროთ პირბადეები, არა ისე, ფორმალურად, არამედ, როგორც ამას ეპიდემიოლოგები და ექიმები რეკომენდაციას უწევენ და სერიოზულად მოვეკიდოთ, პირველ რიგში, ჩვენი თანამოქალაქეების, ბავშვების და მოხუცების ჯანმრთელობას. მოგეხსენებათ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის და ინფიცირების რაოდენობის ზრდა მოსალოდნელი იყო. ჩვენ, ეკონომიკის ძალიან ფრთხილი გახსნის ნაბიჯები გადავდგით, როგორც საერთაშორისო ფრენების, ასევე შიდა ტურიზმის განვითარების მიმართულებით.

უნდა გვახსოვდეს, რომ უახლოეს პერიოდში, ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილების შედეგად, სასწავლო პროცესი დაიწყება კლასებში და ჩვენი ბავშვები უკვე სრულად, 15 სექტემბრიდან, ივლიან სკოლაში. ეს, კიდევ დამატებითი წნეხი იქნება მობილობის ზრდაზე, ამიტომ, კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს თითოეული ჩვენგანისგან. ამიტომ, შესაბამის სამინისტროებს, ჯანდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გევალებათ, დღეიდან, კიდევ უფრო გაამკაცროთ კონტროლი იმ მოთხოვნების, რომელიც საკანონმდებლო დონეზე არის დღეს დაწესებული. პირველ რიგში, ეს არის პირბადე დახურულ სივრცეებში და რა თქმა უნდა, სოციალური დისტანცია.  ჩვენ ეს ყველაფერი გჭირდება იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, შევინარჩუნოთ ის მიღწევა, რომელიც გვაქვს, როგორც ეპიდემიის მართვის სწორი ნაბიჯების გადადგმის შედეგად, ასევე ეკონომიკური დარტყმის და ეკონომიკური კრიზისის შერბილების მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ხვალინდელი დღისთვის, ჩვენი სამუშაო ადგილების შენარჩუნების და საერთოდ, ქვეყნის წარმატებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები