” ქვეყნის გამთლიანება, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და შრომით, დარწმუნებული ვარ, დაიწყება ქართლიდან” – გიორგი გახარია

ქვეყნის გამთლიანება, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და შრომით, დარწმუნებული ვარ, რომ დაიწყება აქედან – ქართლიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა აგვისტოს ომზე და აღნიშნა, რომ ყველას ვალდებულებაა, ახსოვდეს თითოეული ადამიანი, რომელმაც ამ ბრძოლაში სიცოცხლე გასწირა და თითოეული ადამიანის ვალდებულებაა მათზე ზრუნვა, რომლებიც საკუთარ სამშობლოში დევნილები გახდნენ.

„ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, მომავალში ერთად რა უნდა გავაკეთოთ, თუმცა ქართლში, საქართველოს ჭეშმარიტად ისტორიულ რეგიონში, ხერხემალში, შეუძლებელია, არ გავიხსენოთ ჩვენი უახლოესი წარსულის, ისტორიის ყველაზე მძიმე და სევდიანი დღეები. წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნეში ქართველებს მოგვიწია იარაღით ხელში, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და მიწის დაცვა. 21-ე საუკუნეში. მაგრამ, ჩვენ ეს მოგვიწია და ამან თქვენს მხრებზე გადაიარა. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს თითოეული ადამიანი, რომელმაც ამ ბრძოლაში სიცოცხლე გასწირა და ჩვენი ვალდებულებაა, გავზარდოთ ჩვენი შვილები ისე, რომ მსგავსი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში აღარ განმეორდეს. მაგრამ, ამავდროულად, ჩვენი ვალდებულებაა, რომ პირველ რიგში ვიზრუნოთ ადამიანებზე, რომლებიც საკუთარ სამშობლოში დევნილები გახდნენ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, მაგრამ მე ძალიან კარგად მესმის, რომ თქვენ, ქართლელები, გორელები ცხოვრობთ ამ ადამიანების გვერდით და თქვენი გაწვდილი ხელი არის უფრო ახლო და თქვენი და სახელმწიფოს ერთობლივი ზრუნვა ჩვენს დევნილებზე უნდა იყოს ყოველდღიური, ყოველწამიერი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის გამთლიანება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და შრომით.

„ჩვენ რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ ამ ხალხისთვის სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად, მაღალმთიანი სტატუსის მინიჭებით, რასაც მოაქვს თავისი დამატებითი სოციალური ბენეფიტები, ასევე გაზმომარაგებით, სასმელი და სარწყავი წყლის დახმარებით, საბოლოო ჯამში, ამ ადამიანებს როდესაც ელაპარაკები, ხვდები, რომ ეს ყველაფერი საჭიროა, მაგრამ არაფერია იმ ტკივილთან და იმ მიზანთან შედარებით, რასაც ქვეყნის გამთლიანება ჰქვია. ქვეყნის გამთლიანება, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და შრომით, დარწმუნებული ვარ, რომ დაიწყება აქედან – ქართლიდან. ამ გამთლიანების ერთადერთი გზა არის ყოველდღიური კეთილსინდისიერი შრომა, ამ გამთლიანების ერთადერთი გზა არის, მაგალითად, ისიც, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ქვეყანაში არც ერთი დღით არანაირი ინფრასტრუქტურული სისტემური პროექტები არ შეჩერებულა და არც უნდა შეჩერდეს. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ სულ უფრო და უფრო წარმატებულ, ევროპულ სახელმწიფოში ვიცხოვროთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ისაუბრა მმართველი გუნდის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და აღნიშნა, რომ ადამიანი იყო და იქნება „ქართული ოცნების“ ზრუნვის ძირითადი საგანი.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანი იყო და იქნება „ქართული ოცნების“ ზრუნვის ძირითადი საგანი. ეს უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი, ყოველდღიური შრომა მთავრობის, რომელმაც ღირსეული ყოველდღიური შრომის პირობები უნდა შეუქმნას თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. შიდა ქართლში 2013 წლიდან მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებული იყო 840 მლნ ლარი. გარდა ამისა, მოგეხსენებათ აქ გაკეთდა ქარის პირველი ელექტროსადგური. ეს იყო ბატონი კახის წამოწყება, 20-მეგავატიანი, რომლისაც, მერწმუნეთ, არავის სჯეროდა, მაგრამ ეს გაკეთდა. დღეის მდგომარეობით, აქ შიდა ქართლში, გორში უკვე არის ორი პროექტი – „ნიქოზი“ და „ქართლი ორი“, რომლებიც 200 მლნ-იანი პროექტებია და რომლებიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში გაზიფიცირების თვალსაზრისით შიდა ქართლში გაჩნდა 30 000 ახალი აბონენტი, წყალმომარაგების ნაწილშიც ბევრი პროექტი დაიწყო, თუმცა ეს არ არის საკმარისი.

„ჩვენ როდესაც გორში ამაზე ვსაუბრობთ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ის ელემენტარული სისტემური პირობები, რომლებიც ჩვენ მოქალაქეებს უნდა შევუქმნათ. გორში, შიდა ქართლში, ჩვენი ყოველდღიური მოქმედებისა და ცხოვრების საბოლოო მიზანი არის, რა თქმა უნდა, ქვეყნის ტერიტორიული ერთიანობა, მაგრამ ამ მიზნის მიღწევა, ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ შრომით, მხოლოდ და მხოლოდ იმ გზით, რომ ქვეყანა გახდეს წარმატებული, ეკონომიკურად ძლიერი, კეთილდღეობის დონე იყოს მაღალი და ჩვენ უნდა გავხდეთ მიმზიდველი ევროპული სახელმწიფო ჩვენი ძმებისთვის. უაღრესად მძიმეა, როდესაც ხედავ ოკუპაციის ხაზზე შენს მოქალაქეებს ორივე მხრიდან. უაღრესად მძიმეა, რაც დღეს ხდება, მაგალითად, ახალგორში, ახალგორის მიმართულებით, სხვა მიმართულებითაც, როდესაც ჰუმანიტარული კატასტროფის დონეზეა მისული, ადამიანებს საოკუპაციო ხაზის ჰუმანიტარული მიზნებით გადაკვეთის საშუალებასაც არ აძლევენ. ეს ყველაფერი მძიმე საყურებელია და მძიმე სალაპარაკოა, თუმცა ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ, ეს უნდა გვახსოვდეს და უნდა ვიშრომოთ ყოველდღიურად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა შიდა ქართლში სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე და იმ პროგრამებზე, რომლითაც სახელმწიფო ფერმერებს ეხმარება.  გიორგი გახარიას განცხადებით, წელს შიდა ქართლში ვაშლის ძალიან კარგი მოსავალი იქნება და წელს იქნება პირველი წელი, როდესაც „დანერგე მომავლის“ პროექტებიდან 30 ათასი ტონა პროდუქტის გატანა ევროპის ბაზარზე იქნება შესაძლებელი.

„შიდა ქართლში შეუძლებელია მომავალზე საუბარი, თუ აქცენტი არ გავაკეთეთ სოფლის მეურნეობაზე. შემიძლია, გითხრათ, რომ „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის მეურნეობის პროგრამებით შიდა ქართლში დაფინანსებულია 500 მილიონზე მეტის ღირებულების სხვადასხვა პროექტი. მნიშვნელოვანი და ხელშესახებია ის, რომ წელს, როდესაც მთავრობამ, სახელმწიფომ დაიწყო გლეხის მოსავლის დაბინავებაზე ზრუნვა, ეს დავიწყეთ კახეთით, ატმის მოსავლით და პირველად წელს 30 ათასი ტონა ატმის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ სოფლის მეურნეობაში გადაყრილი ფული გაქვთო. შეიძლება, სოფლის მეურნეობაში განხორციელებული ინვესტიციის ეფექტიანობაზე ვიმსჯელოთ, მაგრამ საერთოდ ქართველი გლეხისა და ფერმერის დახმარების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება შეუძლებელია. წელს შიდა ქართლში ვაშლის ძალიან კარგი მოსავალი იქნება, დაახლოებით სამჯერ მეტი, დაახლოებით 150 ათას ტონა მოსავალს ველოდებით. რა თქმა უნდა, ჩვენი ისტორიული პოსტსაბჭოთა წარსულიდან გამომდინარე, ყველა სტანდარტული ვერ იქნება, თუმცა ისიც უნდა გვესმოდეს, რომ წელს იქნება პირველი წელი, როდესაც „დანერგე მომავლის“ პროექტებიდან 30 ათასი ტონა იქნება აბსოლუტურად კარგი პროდუქტი, რომელიც შეგვიძლია, ევროპის ბაზარზე გავიტანოთ. სხვას რა ვუყოთ? სხვა გლეხი მივატოვოთ? რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ ვიზამთ და არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის ის პროგრამა, რომელიც იყო ინიცირებული, როდესაც მთავრობა ადგილობრივ მეწარმეს გარანტიის სახით ეხმარება, გაგრძელდება. ასევე გაგრძელდება „დანერგე მომავალი“, სოფლის მეურნეობის პროგრამები, „აწარმოე საქართველოში“, თან შიდა ქართლში მშრომელი ხალხი ხართ და ამ პროგრამების ათვისების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, არც ერთი კილოგრამი მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩება და ამის გარანტიას ხელისუფლება იძლევა.

„სოფლის მეურნეობის მიმართულებით კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, დაწყებული ატმით, გაგრძელებული ვაშლით, სამეგრელოში უკვე დაიწყო თხილი, შემდგომ იქნება რთველი, შემდგომ – ციტრუსი, ქართულ მიწაზე მოყვანილი არც ერთი კილოგრამი მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩება და ამის გარანტიას იძლევა ხელისუფლება.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი არის ის მინიმუმი, რითაც ჩვენ შეგვიძლია, მოქალაქეებს დავეხმაროთ. ჩვენ ეკონომიკურად ჯერ კიდევ სუსტი ქვეყანა ვართ და მთავარია, ჩვენი შეზღუდული რესურსი სამართლიანად და თანაბრად გადავანაწილოთ ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის. ეს არის მთავრობის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რაც ჩვენ თქვენთან ერთად უნდა გავაკეთოთ და ქვეყნისთვის საჭირო ძალიან ბევრი ღირებული საქმე, რომელიც ერთად დავიწყეთ, ასევე ერთად უნდა დავასრულოთ. დარწმუნებული ვარ, ამას ყველანი ერთად გადავწყვეტთ 31 ოქტომბერს, დარწმუნებული ვარ, გიორგი ხოჯევანიშვილი იქნება გორელების ღირსეული ხმა საქართველოს პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში. გამარჯვებას გისურვებთ!“, – განაცხადა გიორგი გახარიამ

მსგავსი თემები