” წლის ბოლომდე ზუგდიდში 360 დევნილ ოჯახს ახალი ბინები გადაეცემა” – მაია ცქიტიშვილი

“დევნილებისთვის 140 ბინის გადაცემა, რეალურად, 140 ოჯახისთვის ღირსეული პირობების შექმნას ნიშნავს” – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა წყალტუბოში განაცხადა, სადაც ახალაშენებულ კორპუსებში დევნილებს ბინები გადაეცათ.

მისივე თქმით,  21 000 დევნილისთვის უკვე მოხდა პირობების გაუმჯობესება.

„ნამდვილად, ძალიან სასიხარულოა, როდესაც ასეთი ტიპის ღონისძიებებში ვიღებთ მონაწილეობას და ამდენ ბედნიერ სახეს ვხედავთ. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისაც ძალიან ბევრი ტკივილი, ძალიან ბევრი რთული დღეების გატარება მოუწია ჯერ კიდევ ომის დროს, აფხაზეთის, ოსეთის დაკარგვის დროს. თუმცა კიდევ ბევრი წელი მოგიხდათ ძალიან რთულ პირობებში ცხოვრება თქვენს ოჯახებთან ერთად. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით სასიხარულოა, როდესაც გვაქვს საშუალება, გაგიუმჯობესოთ ცხოვრება, ოდნავ მაინც შეგიმსუბუქოთ ის ტკივილიცა და პრობლემები, რომლებიც გაქვთ.  დღეს ამ 140 ბინის გადაცემა, რეალურად, ნიშნავს 140 ოჯახისთვის ღირსეული პირობების შექმნას, თქვენი ბავშვებისთვის, თქვენი ახალგაზრდებისთვის, მომავალი ოჯახებისთვის, რა თქმა უნდა, სრულიად განსხვავებული პირობები იქნება, რომლის მეშვეობითაც, გექნებათ საშუალება, უკვე საბინაო პირობების მოგვარების ფონზე, სხვა საკითხებზე იზრუნოთ. იზრუნოთ განათლებაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე და რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესია, თქვენ, ყველანი, გაძლიერდეთ და მაშინ, როდესაც  შევძლებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას, რა თქმა უნდა, ყველანი უნდა დაუბრუნდეთ თქვენს მშობლიურ სახლებს. ყველასთვის  მთავარი ამოცანა ეს არის.  2012 წლის შემდეგ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ჩვენი ზრუნვის საგანი არის სწორედ დევნილთა პირობების გაუმჯობესება და როგორც ვიცი, კოლეგა უწყებებიდან, 21 000 დევნილისთვის მოხდა პირობების გაუმჯობესება, აქედან ნახევარზე მეტი არის სწორედ ახალი გარემონტებული ან ახალაშენებული ბინები. მიხარია, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს უკვე ორი წელია,  გვაქვს საშუალება, შევუერთდეთ დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტროს ამ რთულ ამოცანაში და ჩვენ დავიწყეთ დაახლოებით  150 მილიონი ლარის ოდენობის პროგრამა, რომელიც 2240 ახალი ბინის მშენებლობას გულისხმობს. სწორედ ეს 140 ბინა არის ამ დიდი პროგრამის ნაწილი. ამავე პროგრამის ფარგლებში, 2019 წელს  მცხეთაში 120 ოჯახს უკვე გადავეცით ბინა. წელს ზუგდიდში გვექნება ძალიან კარგი ღონისძიება, სადაც ერთად წლის ბოლომდე ჩვენი დევნილებისთვის, 360 ოჯახისთვის შევძლებთ ახალი ბინების გადაცემას. თქვენ თავად ხედავთ, ამავე ტერიტორიაზე კიდევ ექვსი კორპუსი შენდება. ძალიან მნიშვნელოვანია ის პროექტი, რომლებიც გვაქვს ქუთაისში, სადაც ასევე ბევრ ოჯახს 2021 წელს გადავცემთ ბინებს. თუმცა 2021 წელს ჩვენ წყალტუბოშიც და ზუგდიდშიც გვექნება ასეულობით დევნილი ოჯახებისთვის ახალი ბინების გადასცეს შესაძლებლობა. ჯამში, 2022 წლამდე 1 020 ოჯახს კიდევ დამატებით უზრუნველვყოფთ სრულიად ახალი ბინებით. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ ჩვენი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მუნიციპალური განვითარების ფონდის წვლილი ამ საქმეში, რომელსაც მთლიანობაში დევნილთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესება ჰქვია. რა თქმა უნდა, მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტროს ძალიან აქტიური და კარგი თანამშრომლობისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდს და ჩვენს გუნდს, რომელიც ამ პროცესში მუშაობდა. კიდევ ერთხელ, ყველას გისურვებთ, ასეთი დღეები თქვენს ცხოვრებაში იყოს ძალიან ხშირი, მხოლოდ წარმატებები, სიხარული, ბედნიერება გქონდეთ ერთმანეთისთვის გასაზიარებელი ახალ სახლებში და მეც ძალინ მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ დღეს შემიძლია გავიზიარო თქვენი სიხარული“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი თემები