სოციალურად დაუცველებს ზედმეტად მიღებული თანხის უკან დაბრუნება არ მოუწევთ

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, სოციალურად დაუცველებსა და პენსიონერებს, რომლებმაც სახელმწიფო დახმარება ზედმეტად მიიღეს, თანხის უკან დაბრუნებას არავინ მოსთხოვს და პრობლემა მოგვარებულია.

განცხადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დეპუტატმა პარლამენტის სხდომაზე გააკეთა.

„გუშინ, პარლამენტის  ბიურომ დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს ზედმეტად გაცემული თანხების უკან დაბრუნების ვალდებულების მოხსნას იმ შემთხვევაში, როცა ოჯახს დემოგრაფიული ცვლილების დროს ან საცხოვრებელი მისამართის შეცვლისას ეკისრება ვალდებულება, სოც. მომსახურების სააგენტოში წარადგინოს განაცხადი. მრავალი მიზეზის გამო, ბევრი ოჯახი  ვერ აკეთებს ამას,  ზოგჯერ კი ინფორმაცია არ გააჩნიათ.  შემდეგ უკვე იწყება სასამართლო წარმოებები და საქმის აღსრულებაზე გადაცემა თანხების დასაბრუნებად. ეს ეხება იმ პენსიონერებსაც, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო (ერთ-ერთია საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყებისას პენსიის მიღების ვალდებულების შეწყვეტა) აგვიანდებათ განაცხადის შევსება. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტია. აღნიშნული ვალდებულება მათ მოეხსნებათ და მიზნობრივ ჯგუფებს, რომელთა სოციალური მდგომარეობა მაინც სიახლოვესაა სიღარიბესთან,   ეს თანხები დარჩებათ და არავინ ამ თანხების ამოღებას არ დაიწყებს. ოპოზიცია ამ დახმარებებით სპეკულირებს, რომ თითქოს საარჩევნოდ კეთდება. ეს ასე არ არის. ჯერ კიდევ 2012 წელს შემოვიტანეთ სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი და დღემდე ვცდილობთ, მოვიცვათ ყველა სეგმენტი. მართლაც, ძალიან ბევრი პროგრამა 2012 წლამდე პრაქტიკულად არ არსებობდა“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები