გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულების საქმის განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს განახლდება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულების საქმის განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს განახლდება.

უფლებადამცველების განცხადებით, პროცესზე ერთ-ერთი არასრულწლოვანი მოწმის ე.ხ-ს დაკითხვა გაგრძელდება.

“ბოლო სასამართლო პროცესზე ე.ხ-ს დაკითხვა ტექნიკური პრობლემების გამო შეწყდა. უნდა მომხდარიყო ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევა მოწმე ე.ხ-ს თანდასწრებით. ამის შემდეგ დაიკითხებიან ის პოლიციელები, რომლებმაც გარკვეული საპროცესო მოქმედებები განახორციელეს,” – აცხადებს გიორგი მერაბიშვილის ადვოკატი როსტომ კერესელიძე.

მოწმეების ჩვენებებზე ბრალდებული არასრულწლოვნების ადვოკატები ამბობენ, რომ მათ ისაუბრეს ზოგადად მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და რომელიმე ბრალდებული არ დაუსახელებიათ.

“მოწმის ჩვენების მიერ, მტკიცებულებების გამოკვლევის დროს ცალსახად დადასტურდა, რომ არ ყოფილა განზრახვა, რომ რაიმე სახის მობილიზება მოეხდინათ. ყოველდღიურად, თან არასამუშაო საათებში პროცესების ჩატარება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით სათანადოდ მომზადებულები. ამისათვის გარკვეული პაუზებია საჭირო,”- აღნიშნავს არასრულწლოვან ლ. შ.-ს ადვოკატი ზაქარია გვიშიანი.

ერთ-ერთი ბრალდებულის ზ.ხ-ს ადვოკატის განცხადებით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლო პროცესს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება, ის სასამართლოს და ბრალდების მხარეს უნდობლობას უცხადებს. 

საქმის პროკურორმა სასამართლო სხდომების გრაფიკზე განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ის მხარეებთან შეთანხმებით დგება და შესაბამისად, არავის უფლება არ ირღვევა. ასევე მისი თქმით, მოწმეები რომლებიც დაიკითხნენ ძალადობის თვითმხილველები არ ყოფილან, შესაბამისად პირების იდენტიფიცირება მათ არ მოუხდენიათ.

“ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰყავდა რამდენიმე მოწმე. აღნიშნული პირები ძალადობის თვითმხილველი მოწმეები არ ყოფილან, შესაბამისად მათთან დაკავშირებით ის კითხვები იყო დასმული, რა ინფორმაციასაც ისინი ფლობდნენ. რაც შეეხება სასამართლოს გრაფიკს, სასამართლო პროცესი მხარეებთან შეთანხმებით დგება,”- აცხადებს პროკურორი ნანა გუგუტიშვილი.

მსგავსი თემები