ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებს მშვიდობისმყოფელის დღე მიულოცა

31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა. საერთაშორისო მისიებში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს მშვიდობისმყოფელის დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო მართვის ცენტრიდან მიულოცა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველ მშვიდობისმყოფელებს თავდაცვის მინისტრი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვიდეოკონფერენციის საშუალებით გაესაუბრნენ.

მათ ავღანეთისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკებში მყოფი სამხედრო მოსამსახურეებისგან ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ქართველ სამშვიდობოებს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა, წარმატებული მისია და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა პატივისცემა საერთაშორისო მისიების შესრულების დროს დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების მიმართ.

1999 წელს პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული კოსოვოში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად 31 აგვისტოს გაემგზავრა და სწორედ ამ დღეს აღინიშნება თავდაცვის უწყებაში მშვიდობისმყოფელის დღე.

მსგავსი თემები