“მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, განაგრძონ ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე” – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი

  •  

ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში პატიმარ ინალ ჯაბიევის გარდაცვალებას საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ეხმაურება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პატიმრის გარდაცვალება კიდევ ერთხელ ადასტურებს  ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის რთულ მდგომარეობას, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

„საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას ცხინვალის რეგიონში არსებულ უკიდურესად მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან, სიცოცხლის უფლების ხელყოფის ჩათვლით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებთან და ბოლოდროინდელ საგანგაშო განვითარებებთან დაკავშირებით. 28 აგვისტოს, სწორედ ამგვარ დანაშაულებრივ ქმედებებს კიდევ ერთი ახალგაზრდის, ინალ ჯაბიევის სიცოცხლე შეეწირა, რაც ნათლად ადასტურებს, რომ წლების განმავლობაში მიმდინარე ოკუპაციის და იმის შედეგად, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე არაერთ ტრაგიკულ შემთხვევაზე რეჟიმს დღემდე პასუხი არ უგია, სულ უფრო რთულდება ადგილობრივი მცხოვრებლების უსაფრთხოების და უფლებრივი მდგომარეობა.

საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით ძალისხმევას, რათა მოსახლეობას მიეცეს უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა. ამასთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, განაგრძონ ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეწყდეს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

30 წლის ინალ ჯაბიევი სამართალდამცველებმა დე-ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით 24 აგვისტოს დააკავეს. 28 აგვისტოს პატიმარი უგონო მდგომარეობაში, სხეულზე მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

მსგავსი თემები