“კობა ჩიტაძე თავისუფლების სანაცვლოდ ეშმაკთან ანუ ჩვენს „სამართალდამცავ სისტემასთან“ დებს გარიგებას” – გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის წერილი ციხიდან

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ პროკურატურამ მის წინააღმდეგ ცრუ მოწმე – მისი თანასაკნელი დაკითხა.

წერილში, რომელიც საქართველოს პირველ არხს ბრალდებულის ძმამ გადასცა, ნიკოლოზ რევაზიშვილი წერს, რომ თანასაკნელი, რომელსაც საგამოძიებო უწყება გათავისუფლებას დაჰპირდა, პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში ყვება, თითქოს რევაზიშვილმა მას „აღსარება ჩააბარა, შემდეგ კი, შაქარაშვილის მკვლელობის დაბრალება შესთავაზა, რისთვისაც რევაზიშვილს სანაცვლოდ 50 ათასი ლარი უნდა მიეცა მისთვის“.

ბრალდებული ამბობს, რომ ის უდანაშაულო და „სისტემის მძევალია“.

„დღეს, 2020 წლის 26 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ გამოძიებამ გამოკითხა ჩემი თანამოსაკნე კობა ჩიტაძე, რომელსაც თურმე არჩადენილი დანაშაულის შესახებ აღსარება ჩავაბარე და მოვუყევი, თუ როგორ მოხდა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა. აგრეთვე, თურმე 50 ათასი ლარის სანაცვლოდ, კობა ჩიტაძეს შევთავაზე მის თავზე აეღო გიორგის მკვლელობა. არ მგონია, ჩვენებაში მითითებული გარემოებები რომელიმე საღად მოაზროვნე ადამიანმა დაიჯეროს, თუმცა მთელმა საზოგადოებამ მინდა გაიგოს, სადამდე მიდის ამ სისტემის ფანტაზიები. ახლა ვხვდები, სისტემამ რატომ აუკრძალა საზოგადოებას საქმეში ჩახედვა, იმიტომ, რომ არ ენახათ კობა ჩიტაძე, რომელიც თავისუფლების სანაცვლოდ ეშმაკთან ანუ ჩვენს „სამართალდამცავ სისტემასთან“ დებს გარიგებას“, – აღნიშნულია ბრალდებულის წერილში, რომელიც მისმა ძმამ გაასაჯაროვა.

აღნიშნულ წერილზე კომენტარი ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატმა გააკეთა. საქართველოს პირველ არხთან საუბრისას, ადვოკატი შოთა კახიძე ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წერილის შინაარსი რეალურია, კერძოდ ცრუ მოწმის – ნიკოლოზ რევაზიშვილის ახლა უკვე ყოფილი თანასაკნელის ჩვენება გამოძიების იმ მასალებში დევს, რომელზეც ადვოკატებს გაუთქმელობის პირობა დაადებინეს.

რაც შეეხება რევაზიშვილის თანასაკნელის ჩვენებას, შოთა კახიძის თქმით, ჩვენების შინაარსი კომიკურია და კიდევ ერთ მტკიცებულებას წარმოადგენს ნიკოლოზ რევაზიშვილის უდანაშაულობის სამტკიცებლად.

„სისხლის სამართლის საქმის ახალ მასალებში ნამდვილად გვხვდება ნიკოლოზ რევაზიშვილის თანამესაკნის გამოკითხვის ოქმი. მის შინაარსზე საუბრის უფლება არ მაქვს, ეს გამოკითხვის ოქმი არის არადამაჯერებელი და კომიკური და ნათელია, რომ გამოკითხვის ოქმი დაწერილია გამომძიებლების მიერ და არა გამოკითხული პირის მიერ. გამოკითხული პირი არის უბრალოდ ოქმზე ხელმომწერი პირი, რომლის მიზანს წარმოადგენს ოქმზე ხელმოწერით მოიპოვოს თავისუფლება. ეს შეთითხნილი ჩვენებაც ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ნიკოლოზ რევაზიშვილი არის უდანაშაულო და მის წინააღმდეგ პროკურატურა მტკიცებულებების მოპოვებას ბინძური მეთოდებით ცდილობს”, – განაცხადა შოთა კახიძემ.

ნიკოლოზ რევაზიშვილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ორი მუხლით არის ბრალდებული. საქმის ერთ ნაწილში მას თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან, ახალი ბრალდების მიხედვით კი, ნიკოლოზ რევაზიშვილს კიდევ ოთხ პირთან ერთად, შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ედება ბრალად.

მკვლელობის ნაწილზე წინასასამართლო სხდომა 10 სექტემბერს არის ჩანიშნული.

მსგავსი თემები