მოძალადეს შემაკავებელ ორდერთან ერთად ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდება

  •  

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, პოლიციის დეპარტამენტების წარმომადგენლების მონაწილეობით “ქალთა მიმართ ან/და ოჯახში მოძალადეებზე ელექტრონული ზედამხედველობის დანერგვის შესახებ“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საკანონმდებლო ცვლილება განიხილეს, რომლის საფუძველზეც, 2020 წლის 1 სექტემბრიდან, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, შესაძლებელი იქნება მოძალადის მიმართ დაწესდეს ელექტრონული ზედამხედველობა.

სიახლის თანახმად, ძალადობის განმეორების რეალური საფრთხის და მსხვერპლის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, მოძალადეს სხეულზე ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდება. აღნიშნულის შედეგად, მოძალადის მიერ მსხვერპლთან და წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიასთან მიახლოების კონტროლი განხორციელდება GPS სისტემის მეშვეობით.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, იურიდიული დეპარტამენტის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის და ტერიტორიული დანაყოფების თანამშრომლების მიერ განხილული იქნა ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების სამართლებრივი საფუძვლები და რეგულაცია, რისკის შეფასების ინსტრუმენტში განხორციელებული ცვლილებები, ელექტრონული მოწყობილობის ფუნქციონირების პრინციპები, ტექნიკური მახასიათებლები, ექსპლუატაციის წესი.

მათივე ცნობით, კანონის ამოქმედებამდე, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ – UN WOMEN-მა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა 100 ელექტრონული მოწყობილობა (სამაჯური) და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, UN WOMEN-თან, ფონდი Humanfoc-თან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გაგრძელდება ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სწავლების ორგანიზება და ბეჭდური მასალის დამზადება.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ოჯახში/ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და სამინისტროს მხრიდან ეტაპობრივად ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება ტარდება.

მსგავსი თემები