“ჯო ბაიდენის დღის წესრიგი ჩინეთშია დამზადებული, ჩემი კი აშშ-ში” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ქვეყანას ჩინეთი დაეპატრონება. ამის შესახებ მან რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს ჩინეთის სასარგებლო პოლიტიკის გატარებაში დასდო ბრალი.

„ჯო ბაიდენის დღის წესრიგი ჩინეთშია დამზადებული, ჩემი კი – აშშ-ში“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი სამიგრაციო დღის წესრიგის გამოც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ არჩევნებში ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში, აშშ-ში მიგრანტების დიდი ნაკადი შემოვა.

დონალდ ტრამპმა ასევე ისაუბრა აშშ-ის საპროტესტო გამოსვლებსა და არეულობებზე. მან კანონისა და წესრიგის დამყარების პირობა დადო.

„თუ დემოკრატიულ პარტიას სურს, იდგეს ანარქისტების, აგიტატორების, არეულობის მონაწილეების, მაროდიორების, დროშებისთვის ცეცხლი წამკიდებლების გვერდით, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა მე, როგორც თქვენი პრეზიდენტი, არასდროს ვიქნები ამის ნაწილი“, – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, „ბაიდენის ამერიკაში უსაფრთხოდ არავინ იქნება“.

„არ შეცდეთ, თუ ჯო ბაიდენს ძალაუფლებას მისცემთ, რადიკალი მემარცხენეები მთელ ამერიკაში პოლიციის დეპარტამენტების დაფინანსებას შეამცირებენ. ისინი დაამტკიცებენ ფედერალურ კანონმდებლობა მთელი ქვეყნის ფარგლებში სამართალდამცავი სტრუქტურების შესამცირებლად. ისინი ყველა ქალაქს დაამსგავსებენ დემოკრატების მიერ მართულ პორტლენდსა და ორეგონს. არავინ იქნება უსაფრთხო ბაიდენის ამერიკაში“, – განაცხადა ტრამპმა.

„თუ რადიკალი მემარცხენეები თავის კატასტროფულ პოლიტიკას ამერიკის ყველა ქალაქსა და გარეუბანში გაატარებენ, მხოლოდ წარმოიდგინეთ, ე.წ. მშვიდობიანი დემონსტრანტები რომ მართავდნენ აშშ-ის მთავრობაში ხელისუფლების ყველა ბერკეტს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სიტყვით გამოსვლის დასასრულს აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ჩამოთვალა ის დაპირებები, რომელთა შესრულებასაც ის მეორე ვადით გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს. ტრამპის დაპირებებს შორის არის მომავალ 10 თვეში 10 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნა, გადასახადებს შემცირება, პოლიციის გაძლიერება, საზღვრების დაცვა, ამერიკელებისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და საზღვარგარეთ მიმდინარე ომებიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანა.

დონალდ ტრამპის თქმით, აშშ პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც მარსზე თავის დროშას აღმართავს.

მსგავსი თემები