“100-მილიონიან გარანტიას გამოვიტანთ აუქციონზე, რომ არც ერთი დაწყებული მშენებლობა დაუსრულებელი არ დარჩეს” – პრემიერი

100-მილიონიან გარანტიას გამოვიტანთ აუქციონზე, რომ არც ერთი დაწყებული მშენებლობა დაუსრულებელი არ დარჩეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობა დაუსრულებელ მშენებლობებს ყველანაირად დააზღვევს.

„შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც განვიხილავთ, გახლავთ, დაწყებული სექტორალური დახმარების მხარდაჭერის პროგრამა. ჩვენ დღეს უნდა გამოვაცხადოთ ას მილიონი ლარის საგარანტიო აუქციონი, რაც ნიშნავს, რომ ყველანაირად ვაზღვევთ დაუსრულებელ მშენებლობას ქვეყანაში. მოგეხსენებათ, სამშენებლო ბიზნესის განვითარებისთვის დავიწყეთ იპოთეკური სესხების სტიმულირება, სესხის პროცენტის სუბსიდირება, როგორც ეკონომიკურ კრიზისზე პასუხი. თუმცა, ეს არ არის საკმარისი და დღეს აუქციონზე გამოვიტანთ  ას მილიონიან გარანტიას, რომ არც ერთი დაწყებული მშენებლობა არ დარჩეს დაუსრულებელი. ყველას კარგად გახსოვთ, რა ხდებოდა 2008- 2009 წლის კრიზისების შემდგომ და უფრო ადრეც, ამ კრიზისების შემდგომ დარჩენილი დაუსრულებელი მშენებლობები დღესაც ამახინჯებენ არა მხოლოდ თბილისს, არამედ ბევრ სხვა ქალაქს, გარდა იმისა, რომ უზარმაზარ სოციალურ პრობლემებს უქმნიან ბევრ ჩვენს მოქალაქეს, რომლებმაც პირველი შენატანები მსგავს სამშენებლო პროექტებში გააკეთეს“, – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი თემები