არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატები ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვენ

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მიმართეს.

უფლებადამცველები უწყებისგან ფეხბურთელის საქმეში ერთ-ერთი მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მისამართით გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.

როგორც ბექა ნემსიწვერიძე და ვასილ მამულაშვილი აცხადებენ, ბრეგვაძემ გამოძიებას არაერთხელ მისცა ცრუ ჩვენება, ამიტომ ადვოკატები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან შესაბამ სამართლებრივ შეფასებას მოითხოვენ.

„შევიტანეთ განცხადება, რომლითაც ვითხოვთ, დაიწყოს გამოძიება იაკობ ბრეგვაძის მიმართ. მიგვაჩნია, რომ მან მთელ რიგ შემთხვევებში გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია. კერძოდ, პირველი გამოკითხვისას მიუთითებს იმ გარემოებაზე, თითქოს „ტოიოტა ქამრი“ როდესაც მივიდა შემთხვევის ადგილას, იქიდან გადმოვიდა სამი პირი და ფიზიკურად უსწორდებოდნენ 10 წუთის განმავლობაში ორ ადამიანს. საგამოძიებო ექსპერიმენტში ის საუბრობდა იმაზე, თითქოს ხიდზე მან დაინახა ორი პიროვნება, რომელიც არ იყო მასთან მყოფი, რითაც ფაქტობრივად ირიბად იდენტიფიცირება მოახდინა იმ ადამიანების.

ეს ყვეალაფერი გვარწმუნბს იმაში, რომ ეს ადამიანი სისტემატურად აწოდებს ცრუ ინფორმაციას გამოძიებას და რომ ის არის ცრუ მოწმე. ბრალდების მხარე ცრუ ჩვენებებზე აგებს მის მიერ წარდგენილ ცრუ ბრალდებას. აქედან გამოდინარე, ვითხოვთ, რომ ყოველივე ეს შესწავლილი იქნას საგამოძიებო ორგანოს მიერ და მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. ზოგადად, ის არ საუბრობს კონკრეტულად არჩილ გაგნიძეზე და არც სხვა პირებზე, თუმცა ფაქტია, რომ საგამოძიებო ორგანო ამ პირს მიიჩნევს ერთ-ერთ მთავარ მოწმედ და მის მიერ მიცემულ ჩვენებებზე აგებს იმ ბრალდებას, რაც მათ მიაჩნიათ დასაბუთებულად. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის ცრუ ინფორმაციას აწვდის გამოძიებას. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ საგამოძიებო ორგანოებისგან, რომ მან შეისწავლოს ყოველივე ეს და მისცეს სამართლებრივი შეფასება. რაც შეეხება ინტერესს, ფაქტია, რომ იმ აბსურდული ბრალდების წარდგენისა და იმ ვერსიის გაჟღერების შემდეგ, ბრალდების მხარეს და ზოგადად, გამოძიებას დასჭირდა, ეს ვერსია რაიმეთი გაემყარებინა. აქ საუბარია იმაზე, თითქოს ორმა პირმა გზა მოუჭრა გიორგი შაქარაშვილს. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, საგამოძიებო ექპერიმენტში მან იმიტომ დააფიქსირა, თითქოს ორი ადამიანი ცალკე მიდიოდა უკან, ჩამორჩენილი, რომ ამით განცდა შეექმნათ მათ შორის საზოგადოებისთვის, რომ ეს ორი ადამიანი იყო ის, ვინც გზა მოუჭრა გიორგი შაქარაშვილს.

სამწუხაროდ, საქართველოს კანონმდებლობა სხვა მექანიზმს არ ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიყენებთ იმ შესაძლებლობებს, რომელსაც კანონი გვანიჭებს. არ გამოვრიცხავთ, რომ სხვა მოწმეებთან მიმართებაშიც იგივე განმეორდეს. ზოგადად, ამ საქმეს არც ერთი პირდაპირი მოწმე არ ჰყავს. ეს პირები მაინც იკითხებიან. გამოძიებას მიაჩნია, რომ ისინი მათ აწვდიან რაღაც ღირებულ ინფორმაციას “, – განაცხადა ბექა ნემსიწვერიძემ.

მსგავსი თემები