“მათი მდგომარეობა სტაბილურია” – ლევან რატიანი შატილში დაშავებულებზე

შატილის ტრაგედიისას დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. სამივე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, ხელოვნურ სუნთქვაზე რჩება.

ამასთან, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, ნევროლოგიური სტატუსის მხრივ პაციენტებთან დადებითი დინამიკა შეინიშნება და მათი მდგომარეობა სტაბილურია. 

“ჩატარდა ყველა საჭირო კვლევა და გამოკვლევა. კლინიკურად დაისვა დიაგნოზები სამივესთან იდენტური – ეს არის პოლიტრავმის შედეგად განვითარებული ტრავმულ-გემორაგიული შოკი. ძილიანობა, სუნთქვის უკმარისობა და ა.შ. იცით, რომ ორ პაციენტთან ჩატარდა ინტერვენციული ოპერაცია. აქედან გამომდინარე, ლიკვიდირებულ იქნა პოლიტრავმის შედეგად გამოწვეული ტრავმული დაზიანება. ამ ეტაპზე, მინდა გითხრათ, რომ პაციენტების ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია.

ნევროლოგიური სტატუსის მხრივ პაციენტებთან დადებითი დინამიკა გვაქვს მიღწეული. ჩატარებული კვლევების შედეგად, ამ ეტაპამდე, არცერთთან არ ვლინდება უარყოფითი დინამიკა. ვიმედოვნებთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გამოჯანმრთელების ამ რთულ გზაზე, რომელიც მათ უნდა გაიარონ, არანაირი პრობლემა არ შეექმნათ,”-განაცხადა ლევან რატიანმა.

მსგავსი თემები