“ელენე ხოშტარიას, როცა ოკუპანტ ქვეყანაში სწავლობდა, მაშინ გახსენებოდა, რომ ის ქვეყანა ოკუპანტია” – სოფიო კილაძე

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე”ევროპული საქართველოს” წევრის, ელენე ხოშტარიას მოთხოვნას გამოეხმაურა, სადაც პოლიტიკოსი ითხოვს, გამოიძიონ “პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსების წყაროები.

კილაძე ამბობს, რომ მსგავსი ბრალდებები არაერთხელ გაჟღერებულა “ქართული ოცნების” მიმართაც. რაც შეეხება “პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსებას, ამაზე გამოძიების დაწყების საკითხს პროკურატურა გადაწყვეტს.

“ჩემი პირადი პოზიცია მინდა გითხრათ და “ქართული ოცნების” პოზიციაც ეს არის, რომ ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ძალა, რომელიც ოკუპანტ ქვეყანასთან არის რაიმე ფორმით ალიანსში, ან მისგან ფინანსდება. ეს პირველ რიგში კანონის დარღვევაა, მაგრამ ასევე მორალურადაც დაუშვებელი და წარმოუდგენელია, რომ ოკუპანტისგან ვინმე იღებდეს რაიმე დაფინანსებას და შემდეგ ვინმეს ჰქონდეს პრეტენზია, რომ ეს არის ქვეყნის სიყვარულით გაჟღენთილი პარტია. გამოძიება უნდა დაიწყოს თუ არა, ამას გადაწყვეტს პროკურატურა, ეს პროკურატურის დისკრეციაა,”- განაცხადა კილაძემ.

ცნობისათვის, ყოფილი პოლიტპატიმრის, მიხაილ ხოდორკოვსკის დაარსებული საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმა „დოსიეს” თანახმად, “პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ კონსულტაციებს რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები უწევენ და რუსეთიდან ფინანსდებიან.

მსგავსი თემები