სალომე ზურაბიშვილს აქვს ყველა ის თვისება, რაც პრეზიდენტს შეეფერება – მირიან წიკლაური

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მირიან წიკლაური აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს, პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ სალომე ზურაბიშვილს, თუ ის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას წარადგენს.

როგორც მირიან წიკლაურმა მედიაცენტრ “მთავარში” სტუმრობისას დღეს განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში იზრდებოდა, ყოველთვის იყო საქართველოს პატრიოტი და  საერთაშორისო დონეზე იცავდა თავისი ისტორიული სამშობლოს ინტერესებს, არის გამოცდილი პოლიტიკოსი და ყველა ის თვისება აქვს, რაც დღეს არსებული მოთხოვნებით პრეზიდენტს შეეფერება.

​​დიდი სიამოვნებით დავუჭერ მის კანდიდატურას მხარს. ჯერ ერთი, სალომე გაზრდილია ტრადიციულ ქართულ ოჯახში, რასაც ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მისმა ოჯახმა საფრანგეთში შეინარჩუნა თავისი ეროვნული საწყისები და რამდენადაც ვიცი, სალომეს მამას სიცოცხლის ბოლომდე არ მიუღია საფრანგეთის მოქალაქეობა, ის თავს საქართველოს მოქალაქედ მიიჩნევდა. შესაძლოა ეს აღარ არის დღეს მოდაში, მაგრამ მე ასეთ რაღაცეებს ძალიან ვაფასებ. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ის საფრანგეთში იზრდებოდა ყოველთვის იყო საქართველოს პატრიოტი. ჩამოვიდა აქ, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში ძალიან კარგი კარიერა ჰქონდა. არის გამოცდილი პოლიტიკოსი და ყველა ის თვისება აქვს, რაც დღეს პრეზიდენტს შეეფერება”, – აცხადებს დეპუტატი მირიან წიკლაური.

მისივე ინფორმაციით, მმართველ პარტია “ქართულ ოცნებაში” არის განწყობა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ზურაბიშვილის კანდიდატურას დაუჭირონ მხარი.

აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა სალომე ზურაბიშვილს ჯერ არ წარუდგენია, თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან საფრანგეთის მთავრობას მოქალაქეობის გაუქმების თხოვნით უკვე მიმართა.

​სალომე ზურაბიშვილი, ქართველი ემიგრანტების შთამომავალია. ის საფრანგეთში დაიბადა. სხვადასხვა დროს მუშაობდა საფრანგეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ამჟამად  საქართველოს მოქმედი პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატია.

შორენა პაპაშვილი

მსგავსი თემები