საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უკან ბიზნესინტერესები დგას – დეპუტატი

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მირიან წიკლაური მიიჩნევს, რომ მარიხუანის ლეგალიზებასთან  დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკან გარკვეული ძალების ბიზნესინტერესები დგას.

როგორც დეპუტატმა მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, მისთვის მიუღებელია კლასიფიკაცია, რომ მარიხუანა მსუბუქი ნარკოტიკია, რადგან ყველა სხვა უარყოფით შედეგებთან ერთად ის იწვევს ფსიქოზის ისეთ ფორმას, რომლის მკურნალობა განსაკუთრებით ძნელია.

მისივე შეფასებით, ნარკოტიკებით ვაჭრობა უზნეობაა და ის არ უნდა განიხილებოდეს ქვეყნის ბიუჯეტის შევსების წყაროდ.

“თუ ჩვენ ასე მივუშვით პროცესები და საფუძველშივე არ აღმოვფხვერით, მძიმე შედეგების წინაშე აღმოვჩნდებით. “გირჩის” თავმჯდომარე ზურაბ ​ჯაფარიძის სიტყვები, რომ საქართველოში ნარკოტიკის წარმოება უნდა დაიწყოს მისი მოხმარების მიზნითო, ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ნარკოინდუსტრია აეწყოს. ნარკოტიკების წარმოება სამედიცინო მიზნებს უნდა ემსახურებოდეს. ესე აუცილებელიც არის. ჩემთვის ნარკოტიკებით ვაჭრობა იმიტომ კი არ არის მიუღებელია, რომ ეს ლეგალურია, ან არალეგალური, ეს უზნეობად მიმაჩნია, ლეგალური იქნება ეს ბიზნესი თუ არალეგალური. კოშკებს აგვიგებენ თავისთავად ცხადია, ათას სიკეთეს მოატანინებენ ამ გადაწყვეტილებას, თქვენ წარმოგიდგენიათ საქართველოში ნარკოტიკებით ვაჭრობა თავისუფალი რომ გახდეს? მთელი მსოფლიო ნარკომანები მოაწყდებიან საქართველოს, ამას მოჰყვება კრიმინალი და ის საფრთხეები რაც ნარკოტიკებს მოაქვთ, – შიდსი, C ჰეპატიტი… სულ წყალში ჩაგვეყრება ეს პროგრამა, რომელიც დღეს ძალიან კარგად მუშაობს. 2-3 მლნ ნარკომომხმარებელი რომ მოაწყდება საქართველოს რა შეიძლება აქ დატრიალდეს. ამით ბიუჯეტი არ გაიზრდება, ნორმალური ადამიანი აქ აღარ ჩამოვა”, – აცხადებს დეპუტატი.

მსგავსი თემები