ირაკლი შოთაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ლუიზიანას შტატის პროკურორთან ონლაინ-შეხვედრა გამართა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ლუიზიანას შტატის პროკურორთან  პიტერ  სტრასერთან ონლაინ-შეხვედრა გამართა. გენერალურ პროკურატურაში, მეგობარი ქალაქების გაცვლისა და თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში გამართულ დისტანციურ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში მაიკლ გრანტი ესწრებოდნენ.

გენერალურმა პროკურორმა, პიტერ სტრასერს საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული რეფორმების  და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ასევე საუბარი შეეხო პროკურატურის მუშაობის სპეციფიკას, პრიორიტეტებს და პროკურატურის განვითარების სტრატეგიას. ონლაინ-შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვან წვლილს საქართველოს პროკურატურის სისტემის განვითარების პროცესში. თავის მხრივ, ლუიზიანას შტატის პროკურორმა აშშ-ში პროკურორის პროფესიულ როლზე, ფუნქციებზე, ღირებულებებზე და გამოწვევებზე ისაუბრა. 

მხარეებმა ასევე, სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს, რომლის ძირითადი მიზანი პროკურორებისთვის აშშ-ს საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და ლუიზიანას შტატის პროკურორებთან ურთიერთობის გაღრმავებაა.  

აღნიშნული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, თბილისსა და ნიუ ორლეანს შორის გაცვლითი პროგრამების დაწყებაც იგეგმება. რომლის  ფარგლებშიც მოეწყობა დისკუსიები სამართლებრივ საკითხებზე, როგორიცაა კიბერდანაშაული, კორუფცია, ბავშვთა ექსპლუატაცია, ფულის გათეთრება და სხვა.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა, საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის მოდერნიზების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.

მსგავსი თემები