“აშკარად გარკვეული უზუსტობები არის” – კახა კალაძე წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით NDI-ის ანგარიშს ეხმაურება

საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით NDI-ის ანგარიშს თბილისის მერი ეხმაურება. კალაძის განცხადებით, ანგარიშში ძალიან ბევრი უზუსტობაა. მისი თქმით, არჩევნები ჩატარდება მშვიდ გარემოში, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას საკუთარი ხედვა წარუდგინონ.

“წავიკითხე ეს კვლევის შედეგები, აშკარად გარკვეული უზუსტობები არის და რატომ არის ეს უზუსტობები, რა თქმა უნდა, უნდა ვკითხოთ მათ, ვინ გააკეთა, ვინ იყო, ვინ იკვლევდა.

რაც შეეხება არჩევნებს, არჩევნები ჩატარდება მშვიდ გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა იმისა, რომ საზოგადოებას წარუდგინოს თავისი ხედვა, მიაწოდონ თავიანთი გეგმები, თუ როგორ ფიქრობენ ქვეყნის განვითარებას, წარუდგინონ პროგრამები. ამის შესაძლებლობა ყველა პოლიტიკურ პარტიას მიეცემა თანაბარ პირობებში,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

საერთაშორისო ორგანიზაციის დოკუმენტი მოიცავს თემებს: საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია, დეზინფორმაცია და კორონავირუსის გავლენა არჩევნებზე. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის სადამკვირვებლო დელეგაცია, წინასაარჩევნო გარემოს შესაფასებლად 28 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით – პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო ადმინისტრაციისა და მედიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.

მსგავსი თემები